„არ შეიძლება, ასეთ პროვოკაციებს და წამოწყებებს ერი გადაყვეს“ – მამა პეტრე ლგბტ კვირეულზე

„ამ ეტაპზე ისეთი დაძაბული სიტუაციაა, რომ საჯარო გამოსვლები გვეკრძალება. მძიმე ფონია ზოგადად, ვფიქრობ, შსს აუცილებლად ჩაერევა. დაპირისპირება რომ არ მოხდეს, ორივე მხარეს გააკონტროლებენ. შსს-მ მკვეთრი განცხადება გააკეთა და ამისი იმედი მაქვს“, – განუცხადა მამა პეტრემ „მედიაცენტრ მთავარს“.

სასულიერო პირი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი აქცია, ორივე მხრიდან დაძაბულობის, დაპირისპირებისა და ადამიანების დაშავების გარეშე ჩაივლის და ამის იმედს მობილიზებული შსს-ს დანაყოფები აძლევს. ამბობს იმასაც, რომ სექსუალური უმცირესობები ასე, საჯაროდ არ უნდა პროპაგანდირებდნენ და მშვიდი ცხოვრებით იცხოვრონ.


„ვთვლი, რომ ასე საჯაროდ გამოსვლები და მანიფესტაციები არ უნდა ხდებოდეს. როდესაც ისინი სიტყვის თავისუფლებას ითხოვენ, სხვა ადამიანების სიტყვის თავისუფლებაც უნდა ახსოვდეთ, უნდ ახსოვდეთ, რომ სხვების სიტყვის თავისუფლება და უფლებებიც ირღვევა. არ არის საჭირო გამოსვლები და საკუთარი პირადი ცხოვრების გამოტანა საჯაროდ. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. მე ამ ყველაფერს ვემიჯნები არა როგორც სასულიერო პირი, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე ამ ქვეყნისა. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის მართლმადიდებელი, ჩვენ რამდენად სწორად ვცხოვრობთ თუ არ ვცხოვრობთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა,“ – განუცხადა მამა პეტრემ „მედიაცენტრ მთავარს“.

სასულიერო პირის შეფასებით, ყველა, ვინც ტაძარში დადის და რწმენა აქვს, საკუთარ პროტესტს გამოხატავს და გამორიცხული არ არის, მათი პროვოცირებაც მოხდეს: „არიან აღმსარებლები, მაზიარებლები, ცდილობენ რომ იყვნენ ეკლესიურები, მათთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია და შესაბამისად ეს უნდა გაითვალისწინოს მეორე მხარემ და პროვოცირება არ მოაწყოს. შესაძლებელია, მათ ქმედებას გაღიზიანება მოჰყვეს, რაც დაპირისპირებაში გადაიზრდება. ეს აწყობს კლანებს, რუსეთი იქნება თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს არ უნდა დავუშვათ“.

რაც შეეხება ლევან ვასაძის განცხადებებს პატრულირებასთან დაკავშირებით, მამა პეტრეს შეფასებით, ძალადობა ქრისტიანობის დამახინჯებული ფორმაა.

„მეორეს მხრივ, არც ის მომწონს, რომ ვიღაცეები გამოვლენ და ქრისტეს სახელით იმუქრებიან, რომ ქამრით გაკოჭავენ ცოდვილ ადამიანებს. ესეც მიუღებელია ჩემთვის, ესეც ქრისტიანობის დამახინჯებული ფორმაა. თუ ერთი არის ქრისტიანობისთვის მიუღებელი და ჩვენ ამას ვამხელთ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი მეთოდებით ბრძოლაც მიუღებელი და დამახინჯებულია. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ვინც კანონს დაარღვევს, ყველა მკაცრად უნდა დაისაჯოს. არ შეიძლება, ასეთ პროვოკაციებს და წამოწყებებს ერი გადაყვეს. ვინაიდან, ჩვენ ისედაც მძიმე სოციალური და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს. აფხაზეთი, სამაჩაბლო და ახლა დავით გარეჯიც დაგვემატა. ჩვენს ქვეყანას დესტაბილიზაცია სიკეთეს არ მოუტანს“, – აღნიშნა მამა პეტრემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.





მსგავსი თემები

One Thought to “„არ შეიძლება, ასეთ პროვოკაციებს და წამოწყებებს ერი გადაყვეს“ – მამა პეტრე ლგბტ კვირეულზე”

  1. ქართველი

    ეგ რომელი პეტრეა თავისი გოგოს ფოტოებით რომ ამაყობს?