“უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც მათ არც კი ეკუთვნით” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა დიალოგი განაგრძოს და მოლაპარაკება ბოლომდე მიიყვანოს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს ოპოზიცია არ იყო მზად შეთანხმებისთვის, რადგან მისი განმარტებით, ხელისუფლების ოპონენტები “ქართულმა ოცნების” მხრიდან, კომპრომისის გაკეთებას მნიშვნელოვანი სამართლიანი პრინციპების ხარჯზე ითხოვდნენ.

“ოპოზიციის ერთ ნაწილს განსაკუთრებით ამ მოლაპარაკებებში სურთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” კომპრომისი გააკეთოს მნიშვნელოვანი სამართლიანი პრინციპების ხარჯზე, ანუ მოგვიწოდებენ დავთმოთ ის, რასაც თვითონ არასოდეს არ დათმობდნენ და მეტსაც გეტყვით, ისინი უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც არც კი ეკუთვნით მათ. 

მოგვიწოდებენ ზურგი შევაქციოთ ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენ მხარდამჭერებს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ მოსწონს არჩევნების შედეგები.

ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება, რომ – სანამ არჩევნებს არ მოვიგებთ, არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, ამ მიდგომით შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია,”- ამბობს არჩილ თალაკავაძე. 

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს კონსტრუქციული პოზიცია და სტრატეგიული მზადყოფნა, შეთანხმება განიხილოს მომავალში.

შეგახსენებთ, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება ვერ შედგა – კრისტიან დანიელსონმა საქართველოში მოლაპარაკებები შეწყვიტა და ბრუსელში ბრუნდება.

მსგავსი თემები