საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო გადაყვანები ხუთი მაგისტრალური მიმართულებით განაახლა

საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო გადაყვანები ხუთი მაგისტრალური მიმართულებით განაახლა.

კერძოდ, მოძრაობა აღდგა შემდეგ რეისებზე:

თბილისი-ბათუმი-თბილისი;
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
თბილისი-ფოთი-თბილისი;
თბილისი-ქუთაისი-თბილისი;

საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებენ. მისი თქმით, სარკინიგზო მიმოსვლა სამთვიანი პაუზის შემდეგ აღდგა.

„დღეიდან საქართველოს რკინიგზამ განაახლა მგზავრთა გადაყვანა. დღეს უკვე თბილისიდან მატარებლები გაემართნენ დასავლეთის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ სამი თვე გაჩერებული ვიყავით, მგზავრების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია. მატარებლები საკმარისად დაიტვირთა. გარდა ამისა, აუცილებელია, დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები მგზავრობის განმავლობაში. ყველა მგზავრს ვთხოვთ, ეკეთოს პირბადე. მატარებელში შესვლისას ვუზომავთ ტემპერატურას. ასევე მგზავრებმა უნდა ისარგებლონ დეზობარიერით, შემდეგ ხელები უნდა დაიმუშავონ სპეციალური ხსნარით“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

დაჩი ცაგურიას თქმით, მემანქანეებს მგზავრებთან კონტაქტი არ აქვთ და შესაბამისად, მათი ტესტირება კორონავირუსზე სავალდებულო არ არის.

„მოგეხსენებათ, მემანქანეები არ არიან კონტაქტში მგზავრებთან, ხოლო რაც შეეხება გამცილებლებს, მოლარე-ოპერატორებს და ასე შემდეგ, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა არის, ჩვენ ტესტირებას პერიოდულად ვატარებთ და ჩავატარებთ“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

მსგავსი თემები