წერტილოვანი შეზღუდვები ზამთრის კურორტებსაც შეეხება

  •  

ამ ეტაპისთვის, მთავრობა ვერ აკონკრეტებს, ზამთრის კურორტებს რა ტიპის შეზღუდვები შეეხება, თუმცა, აცხადებს, რომ „წერტილოვანი შეზღუდვები“ დანამდვილებით იქნება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებზე მუშაობს.

„ვმუშაობთ ამ საკითხზე. მასშტაბურ „ლოქდაუნს“ არ ვაპირებთ ქვეყანაში… უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, ამავდროულად, ნაკლებად დავაზარალოთ ეკონომიკა და ბიზნესი. პირიქით, შევინარჩუნოთ და მხარი დავუჭიროთ გაჯანსაღების ტენდენციას, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვის ცნობილი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო“ – განაცხადა მინისტრმა მედიასთან.

მისივე განმარტებით, შეზღუდვებთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნაბა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები.

„პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ ეპიდემიოლოგების რჩევები. თუ რა დოზით, რა დონით და რა გეოგრაფიით იქნება ეს „წერტილოვანი შეზღუდვები“. აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ ზამთრის კურორტებზე. ზამთრის კურორტი ისევე, როგორც საზაფხულო კურორტი, დიდი მობილობის გენერატორი არის და ამ თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიურად გარკვეული კითხვები არსებობს“ – განაცხადა თურნავამ.

მსგავსი თემები