“მას ბრალი ედება 126-ე მუხლით გათავალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ეს არის ძალადობა, სავარაუდოდ, ჯგუფური” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი დავით ჭიკაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ჯერ არ წარდგენია. ადვოკატი ჩხარტიშვილს შეხვდა და ესაუბრა.

„რაც შეეხება საქმის ვითარებას, ამ მცირე დროში მასთან ვერ მოვახერხე საუბარი. ჯერ ჩვენ ბრალი არ წარგვდგენია. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით რა პოზიციას აირჩევს, გამოიყენებს თუ არა დუმილის უფლებას. დაკავების განჩინებას გავეცანით, ამ განჩინების მიხედვით, მას ბრალი ედება 126-ე მუხლით გათავალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ეს არის ძალადობა, სავარაუდოდ, ჯგუფური. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ძალიან დიდი უბედურების დროს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად არ ყოფილა მაგისტრალზე, ის ამ დროს დაახლოებით სამი საათით ადრე იყო გადასასული ლისზე. შესაბამისად, მას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. როცა წარგვედგინება ბრალი, მაშინ გვეცოდინება, რით ხელმძღვანელობს ბრალდება,” – განაცხადა ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. დაკავებულებს შორის არიან: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე.

მსგავსი თემები