“ბარაკ ობამამ და თქვენ გადაეცით რუსეთს ყირიმი” – ტრამპი ბაიდენს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ბარაკ ობამამ და ჯო ბაიდენმა გადასცეს რუსეთს ყირიმი, – ამის შესახებ ​დონალდ​ ტრამპმა სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა, რომელიც ქალაქ ნეშვილში დღეს გაიმართა. მისივე თქმით, ჯო ბაიდენმა რუსეთისგან 3,5 მილიონი დოლარი მიიღო.

„ჯო ბაიდენმა 3,5 მილიონი დოლარი მიიღო რუსეთისგან და ეს პუტინისგან წამოვიდა. ბაიდენს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის ყოფილ მერთან. გავა დრო და ამ ფულის გამო ახსნა-განმარტების გაკეთება მოგიწევთ. მე რუსეთისგან ფული არასდროს მიმიღია. რაც შეეხება არჩევნებში უცხო ქვეყნების ჩარევას, როგორც მითხრეს, მათი მიზანია, რომ დავმარცხდე. რუსეთის მიმართ ჩემზე მკაცრი არავინ ყოფილა. მე დავაწესე სანქციები. ნატო-სთან მიმართებით ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო ალიანსის წევრები მილიარდობით მეტ თანხას ხარჯავენ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე და ეს არის დაცვა რუსეთისგან. ბაიდენი ყიდდა ბალიშებს და ზეწრებს, მე კი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება მივყიდე უკრაინას. ჩემზე მკაცრად და ხისტად რუსეთის მიმართ არავინ მოქცეულა. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს რუსეთმა მოახდინა წყალქვეშა ნავების პორტის ანექსია. თქვენ გადაეცით ყირიმი რუსეთს. რუსეთი თქვენ დიდ ფულს გიხდით. ახლა ეს ყველაფერი ცხადი გახდა, როდესაც გასაჯაროვდა ელექტრონული მიმოწერა და ცხადი გახდა, რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები დიდ ფულს იღებდით. ეს ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო. ეს არ უნდა მომხდარიყო და ამერიკელების წინაშე ახსნა-განმარტება მოგიწევთ“, – განაცხადა ტრამპმა.

თავის მხრივ ჯო ბაიდენმა აშშ-ის მოქმედი ლიდერი ჩინეთიდან ფულის მიღებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მედიამ გაარკვია, რომ ტრამპის საიდუმლო ანგარიშზე ჩინეთიდან ფული ირიცხებოდა.

„ის ბიზნესშია ჩართული ჩინეთთან და ამ დროს ჩემზე ამბობს, რომ ფულს ვიღებ. ცხოვრებაში არასდროს არ ამიღია ფული უცხო ქვეყნისგან. ამავე დროს, ტრამპს არ გაუვრცელებია საგადასახადო დეკლარაცია. გამოდის, რომ ის რაღაცას მალავს. ბატონო პრეზიდენტო, უცხო ქვეყნები თქვენ ფულს გიხდიან. თქვენ დიდ ფულს გიხდით რუსეთი და ჩინეთი“, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები