“ვათავისუფლებ ქვეყანას წარსულისგან, რომელიც წინსვლაში გვაფერხებს” – პრეზიდენტი შეწყალების აქტზე

“ვათავისუფლებ საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად, ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან, რომელიც წინსვლაში გვაფერხებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„აშკარაა, რომ ოპოზიცია აპირებს ამ სიტუაციით მანიპულირებას, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესების გადატანას და ამით პროცესების დესტაბილიზაციას, თუმცა ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია. მეორეს მხრივ, ისიც არ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მას ევალება და მხოლოდ ამიტომ მიიღო გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება.

„ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო, სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და კიდევ დაპირისპირებას. ვერ დავუშვებ, რომ ამათ გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერც „კორონას“, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დგას. რადაც არ უნდა მიღირდეს და მერწმუნეთ, ეს ნაბიჯი ჩემი მანდატის ალბათ ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება, მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ. დღეს ჩემს თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს. ვათავისუფლებ საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად, ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან, რომელიც წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს. საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამას ხელს ვერავინ შეუშლის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები