“ირაკლი შოთაძეს, სისტემაში მთავარ გამოწვევად შეფერხებული სამართლიანობის აღდგენა ხვდება” – მირიან წიკლაური

  •  

„ის არის პასუხისმგებლიანი კაცი, მაღალი დონის პროფესიონალი და შეუძლია, თავი გაართვას სირთულეებს. მთავარი გამოწვევა კი, რომელიც დღემდე ვერ მოხერხდა, არის სამართლიანობის აღდგენა“ – ასე აფასებს დეპუტატი მირიან წიკლაური გენერალური პროკურორის ვაკანტურ პოზიციაზე ირაკლი შოთაძის დაბრუნებას.

როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავარი გამოწვევა, რომელიც შოთაძეს არჩევის შემთხვევაში დახვდება, სწორედ სამართლიანობის აღდგენაა.

“ირაკლი შოთაძეს პირადად ვიცნობ და ვიცი მისი საქმიანობის შესახებ. ამ გადასახედიდან, ვფიქრობ, შეიძლება მის კანდიდატურას მხარი დავუჭირო. ის იყო პასუხისმგებლიანი კაცი, რაც ზოგადად, საზოგადოებაში დეფიციტია. პახუხისმგებლობის განცდა ბევრს არ აქვს, მათ შორის ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელსაც. როდესაც საჭირო იყო ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ბევრი წუწუნი არც დაუწყია გადადგომაზე. მეტიც, თვითონ შესთავაზა. ამან გარკვეულწილად ჩააცხრო ის ვნებათაღელვა, რაც მაშინ ცნობილი მოვლენების დროს არსებობდა” – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში.”

დეპუტატის შეფასებით, მთავარი გამოწვევა, რაც გენერალურ პროკურორს დახვდება, პირობის შესრულება და სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა იქნება.

“რაც შეეხება სისტემას, ვფიქრობ, მაღალი დონის პროფესიონალია და შეუძლია თავი გაართვას იმ სირთულეებს, რაც დღეს პროკურატურაში არსებობს. უამრავი საქმეა, მათ შორის, სამართლიანობის აღდგენის თემაა უმთავრესი და ამას უნდა მიეხედოს. „ქართული ოცნების” მთავარი გზავნილი საზოგადოებისადმი იყო ის, რომ აღადგენდა სამართლიანობას. სამწუხაროდ, ამ მხრივ სერიოზული ჩამორჩენა შეინიშნება. ეს თემა აუცილებლად უნდა იყოს ერთ-ერთი ძირითადი თემა. მით უმეტეს, რომ ეს საარჩევნო წელია. 8 წლის წინ დანაპირები, წელს მაინც უნდა შესრულდეს, ნაწილობრივ მაინც”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

რაც შეეხება მოკლული დავით სარალიძის თემას, რის გამოც ირაკლი შოთაძე, თავის დროზე იძულებული გახდა გადამდგარიყო, მირიან წიკლაური პასუხობს, რომ მისი გადაწყვეტილება სწორედ მაღალი პასუხისმგებლობის მანიშნებელია.

“მისი გადადგომა განპირობებული იყო პოლიტიკური კონიუქტურითაც. მაშინ შეიქმნა ისეთი გარემო, რომ ვიღაცას უნდა აეღო პასუხისმგებლობა. მე არ ვამბობ, რომ მასში რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი. შეიძლება, არსებობდა რაღაც ხარვეზი, რომელმაც შეაფერხა გამოძიება გარკვეულ ეტაპზე და ეს პასუხისმგებლობა მან აიღო საკუთარ თავზე, მიუხედავად იმისა, ის ამ შემთხვევაში არც კი იყო დამნაშავე. როგორც უწყების ხელმძღვანელმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღო. ასეთ ადამიანს, შეიძლება ენდო კიდევაც. ის არ არი ჩამოკიდებული თავის თანამდებობაზე”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში”.

დეპუტატმა დასძინა, რომ ირაკლი შოთაძემ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა ვერ მოასწრო.

მსგავსი თემები