“სასამართლოს” გადაწყვეტილებას რთული პროცესები მოჰყვება – ახალი “არჩევნები”, ან მწვავე დაპირისპირება” – გამახარია

  •  

“ე.წ სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ამას მოჰყვება ძალიან რთული პროცესები – ან ახალი “არჩევნების” დანიშვნა, ან მწვავე დაპირისპირება, მიტინგები, რამაც შეიძლება ძალიან მძიმე პროცესებამდე მიგვიყვანოს,” – ამის შესახებ აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში” აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

გამახარიას განცხადებით, ამ “არჩევნების” გასაჩივრება ეროვნებათა შორის შუღლს გამოიწვევს, რომელიც, მისი განმარტებით, საოკუპაციო რეჟიმს აწყობს.

“ე.წ. არჩევნები შედგა, მაგრამ გამარჯვებულმა უნდა მიიღოს ხმების ნახევარზე მეტი. ხაჯიმბამ მიიღო დაახლოებით 47%, ანუ ნახევარზე ნაკლები. ამ საკითხს ასაჩივრებს ე.წ. ოპოზიცია, ბ-ნ კვიცინიას მეთაურობით.

რა მოჰყვება ამ გასაჩივრებას, ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩვენი პროგნოზით, ეს იქნება ეროვნებათა შორის შუღლი, რომელიც გარდაუვალია. ეს კი საოკუპაციო რეჟიმს აწყობს. მათ აწყობთ, რომ აფხაზეთში ჰყავდეთ მყარი დასაყრდენი და ოკუპანტი მყარ დასაყრდენად აფხაზებს არ მიიჩნევს. რუსეთი აფხაზების სახელით ფლობს ამ ტერიტორიას, მაგრამ ამ უკანასკნელს ის არ ენდობა”, – განაცხადა გამახარიამ “მედიაცენტერ მთავარში”.

გამახარიას განმარტებით, ის ფაქტი, რომ აფხაზები რუსეთს არ ენდობიან, ხელისუფლების სწორ პოლიტიკაზე მიუთითებს.

“როგორც პირველმა, ასევე მეორე ტურმა დაგვანახა, აფხაზი მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მოკავშირედ თვლიან, რუსეთს არ ენდობა და პირიქით. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორეს. აფხაზეთთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა არის სწორი. 

ჩვენთვის მისაღებია ის კანდიდატი, ვინც მხარდაჭერილია აფხაზების მიერ. სწორედ ესაა გარანტია, რომ მარტივად ვერ მოხდება ტერიტორიების ანექსია რუსეთის მიერ. არის საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა თავისი ინტერესები განახორციელოს და უფრო სწრაფი ნაბიჯებით წავიდეს წინ ამ ანექსიის მიმართულებით. ამას ნიშნავს ხაჯიმბას გაპრეზიდენტება, თუ ეს მოხდა”, – განაცხადა გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები