,,ელისო ბოლქვაძე არ იმსახურებს იუნესკოს მშვიდობის ელჩის სტატუსს”- მწერლები და გამომცემლები იუნესკოს მიმართავენ

საქართველოს პენ ცენტრის სახელით, ქართველი მწერლები, გამომცემლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები “იუნესკოს” გენერალურ დირექტორს,ოდრი აზულაის მიმართავენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძე როგორც პოლიტიკოსი და ხელოვანი არ იმსახურებს იუნესკოს მშვიდობის ელჩის სტატუსს.

,,2023 წლის 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ”უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში დასმენის ინსტიტუტის შექმნას, მედიის და არასამთავრობო სექტორის დევნას და თავისუფალი აზრის ჩახშობის დაკანონებას. ის სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს მისწრაფებასთან, იქცეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად და გახდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. დღეს, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 წელზე მეტი გავიდა, საქართველოს 20 პროცენტზე მეტი კი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის ანალოგიური დოკუმენტის მიღება, სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების ცალსახა და უპირობო ღალატად მიგვაჩნია.

2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია პიანისტი ელისო ბოლქვაძე, ის ყოველდღიურად წყვეტს საქართველოს მოქალაქეების ბედს, მათ აწმყოს და მომავალს. 7 მარტს მან პირველივე მოსმენაზე მისცა ხმა ამ კანონპროექტს და ასე უღალატა სამშობლოს, თავის ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც სხვადასხვა წლებში საკუთარ თავზე გამოუცდია რუსული აგრესია; რომელსაც ჯერ 1992-93 წლებში, შემდეგ კი 2008 წელს საკუთარი სახლის დატოვება და თავისსავე ქვეყანაში დევნილად ქცევა მოუწია. საქართველოს მოქალაქეებმა რუსულ სამხედრო შენაერთებთან ბრძოლაში სხვადასხვა დროს დაკარგეს ოჯახის წევრები – მშობლები, და-ძმები და შვილები, დათმეს ყველაზე მთავარი – საკუთარი სიცოცხლე. შეუფასებელია ის ზიანი, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ მათ წლების განმავლობაში მიაყენა.

ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ხალხმრავალი დემონსტრაციები თბილისში. საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქვეყნის არაერთი მოქალაქე დაზარალდა. საპროტესტო აქციების შედეგად, უპრეცენდენტოდ მოკლე ვადაში დაინიშნა კანონპროექტის მეორე მოსმენა, თუმცა ელისო ბოლქვაძეს არც ამ განხილვაზე მიუცია ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ.

მიგვაჩნია, რომ ელისო ბოლქვაძე, როგორც პოლიტიკოსი და ხელოვანი არ იმსახურებს იუნესკოს მშვიდობის ელჩის (Artist for Peace) სტატუსს, რომელსაც ის 2015 ”იუნესკოს“ ეგიდით წლიდან ატარებს.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ როლში მისი მიზანი მსოფლიო მოსახლეობის მშვიდობიან, ცივილიზებულ თანაარსებობაზე ზრუნვა უნდა იყოს, რასაც სრულიად ეწინააღმდეგება მისი პოლიტიკური საქმიანობა, ამის ნათელი დასტური კი ანტისახელმწიფოებრივი, მტრის მიბაძვით დაწერილი კანონპროექტის მხარდაჭერაა,”- ნათქვამია განცხადებაში.

წერილს ხელს 126 ადამიანი წერს.

მსგავსი თემები