„მიდის ახალგაზრდების მოწამვლა. საიდან გაჩნდა მოლოტოვის კოქტეილები “მშვიდობიან აქციაზე?“ – პრემიერი

„ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის მოსწავლეებს, ურეცხავენ ტვინს ამ ე.წ ფრანკლინის კლუბში. ეხლა რა ხდება “ფრანკლინის კლუბში” და სად არსებობს აღნიშნული კლუბი. ეს კლუბი არის შექმნილი სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტში, რომელიც სხვათაშორის, მე მინდა ახალგაზრდებს შევახსენო, რომ ეს უნივერსიტეტი, როცა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, 1 ლარად გადასცა თავის დედას“ – აცხადებს  პრემიერი ღარიბაშვილი.

მისი შეფასებით,  ამ უნივერსიტეტში შექმნილია ეს ერთგვარი ანკლავი, ძალიან ბევრი უცხოელი ფიქსირდება ამ დაჯგუფების გარშემო და მიდის ახალგაზრდების მოწამვლა,  მათი ტვინის გამორეცხვა.

„აი, პირდაპირ მაგალითს გეტყვით, დადასტურებული ინფორმაცია მინდა გავუზიარო ჩვენს ხალხს. განსაკუთრებით ეს “ფრანკლინის კლუბის” ახალგაზრდები და ეს დატრენინგებული, დესტრუქციული “გირჩის”, ზურაბ ჯაფარიძის “გირჩის” მოძრაობის წევრები იქცეოდნენ ყველაზე მეტად პროვოკაციულად და გამომწვევად. მათ ჰქონდათ პირდაპირ მიცემული დავალება, რომ შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან, პოლიციასთან, მოეხდინათ მათი პროვოცირება მოლოტოვის კოქტეილებით.

საიდან გაჩნდა მოლოტოვის კოქტეილები “მშვიდობიან აქციაზე”?! მე მინდა ახლა მივმართო ჩვენს საზოგადოებას და ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, ჩვენს ძმებს და დებს, ყველას. როგორი საზოგადოების მშენებლობა გვინდა? როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა? ჩვენ ვიძახით, რომ გვინდა ნამდვილად ევროპული საზოგადოება ავაშენოთ და ამისკენ ვისწრაფით. გვინდა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ, ეკონიმიკა ფეხზე დავაყენოთ. ვინ ბედავს, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ ფარად, რომ იტყვიან წინა ხაზზე უშვებენ, ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს. თქვენ ნახეთ კადრები, 60-მდე პოლიციელია დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად იქნება დასჯილი, მე ეს მინდა განვაცხადო”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები