„ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად იქნება დასჯილი“ –  პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ, „ნაციონალებთან“ იყვნენ კავშირში.

„ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ, ყველანი იყვნენ დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან. 60-მდე პოლიციელია დაშავებული, რამდენიმე პოლიციელი ლამის ცოცხლად დაიწვა, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად იქნება დასჯილი“ – აცხადებს პრემიერი.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტში დააარსეს ე.წ. “ფრანკლინის კლუბი”, სადაც ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აქციაზე “ფრანკლინის კლუბის” ახალგაზრდები და  დატრენინგებული, დესტრუქციული ზურაბ ჯაფარიძის “გირჩის” მოძრაობის წევრები ყველაზე მეტად პროვოკაციულად და გამომწვევად იქცეოდნენ და მათ დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან, პოლიციასთან.

“ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ და სათითაოდ ვიცით ვინ ვინ არის, ესენი ყველანი იყვნენ დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან, იქნებოდა ეს “ევროპული საქართველო”, “გირჩი” , ვაშაძის პარტია და სხვები. ასევე, ერთ- ერთი საინტერესო, უკვე გამოიკვეთა მათი მონაწილეობა ე.წ “ფრანკლინის კლუბის” ახალგაზრდები, რომლებსაც წამლავენ, პირდაპირ უნდა ითქვას ამის თაობაზე. მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო ან მეორეს მხრივ გამოძიებას ხელი შევუშალო, მაგრამ ეს არის პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი, ძირგამომთხრელი საქმიანობა“ – აცხადებს პრემიერი.

მსგავსი თემები