,,როდესაც ჩაცხრება ემოციები, განვუმარტავთ მოსახლეობას, რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი”- ეკა სეფაშვილი

,,გადაწყვეტილება კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ მივიღეთ ერთობლივად, პოლიტსაბჭოს, „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციის შედეგად, რადგან ჩვენ თვალნათლივ დავრწმუნდით, რომ უსამართლოდ იყო მიკერებული ამ კანონპროექტზე რუსული კანონის იარლიყი,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  როდესაც ჩაცხრება ემოციები, განვუმარტავთ მოსახლეობას, რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი.

,,ჩვენ არ შევწყვეტთ მოსახლეობის ინფორმირებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და როდესაც ჩაცხრება ემოციები, განვუმარტავთ მოსახლეობას, რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი, რატომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი საზოგადოების თითოეული წევრისათვის, სწორედ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამგვარი დაპირისპირება, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნა. ჩვენი პირველი ამოცანა არის, რომ ხალხს ავუხსნათ და სწორად ვაჩვენოთ ის, თუ რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი, რატომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა და, განსაკუთრებით, უცხოური ძალებისაგან დაფინანსებული ფინანსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ ამ მიმართულებით ფართო საინფორმაციო კამპანიას გავშლით. რა თქმა უნდა, მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება, მოლოტოვის კოქტეილები, შეჭრა პარლამენტში, ცეცხლის გაჩენა და ა.შ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ჩვენი გადაწყვეტილება“,- განაცხადა სეფაშვილმა.

მსგავსი თემები