საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, ორდინალური პასპორტის მფლობელთა სავიზო მოთხოვნისგან ორმხრივად გათავისუფლების შეთანხმებას ხელი რამდენიმე წუთის წინ მოეწერა.

ხელმოწერის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა მოაწერეს ხელი.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ორმხრივი უვიზო რეჟიმის არსებობა მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება -გაღრმავების თვალსაზრისით. ილია დარჩიაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული შეთანხმება ახალ იმპულსს შესძენს საქართველო-ჩინეთის მეგობრული ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების სფეროში არსებული შესაძლებლობების სრულ გამოყენებას.

ძალაში შესვლის შემდეგ, შეთანხმება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში ერთჯერადად 30 დღე.

ხელშეკრულება ძალაში შევა ორი სახელმწიფოს მიერ შიდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ.

მსგავსი თემები