,,გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც არ ეხებოდა ომსა და სანქციებს”- სუბარი ივანიშვილი-დეგნანის შეხვედრაზე

საქართველოს პარლამენტის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრასთან დაკავშირებით არსებობს ლეგიტიმური კითხვები. მისი თქმით, საინტერესეო რა შეიძლება იყოს ის სტრატეგიული საკითხები, რაზევ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს.

„პირველივე წერილში, რომელიც ქალბატონი კელი დეგნანის მიმართ მიხეილ ყაველაშვილის სახელით გამოქვეყნდა, რომლის შინაარსს ჩვენც ვეხმარებოდით, ძალიან მკაფიოდ იყო ფორმულირებული კითხვა, იყო თუ არა შეხვედრა კელი დეგნანასა და ბიძინა ივანიშვილს შორის ომის დაწყების შემდეგ, რაზეც პასუხი მივიღეთ, რომ დიდი ხანია, არ მომხდარა ეს შეხვედრა. პირდაპირ არ იყო პასუხი და სურვილი იყო, როგორც ჩანს, რომ უნდა აღგვექვა, თითქოს ეს შეხვედრა არ შემდგარა. გუშინ გავიგეთ, თურმე ეს შეხვედრა შედგა, დღეს ქალბატონმა კელი დეგნანმაც დაადასტურა და ისიც დაადასტურა, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიულ საკითხებზე იყო ლაპარაკიო. რა შეიძლება იყოს სტრატეგიული საკითხები იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში არის ომი, როდესაც ღია მოწოდებები იყო ქართული ოპოზიციის მხრიდან, ქართული არასამთავრობოების მხრიდან, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდანაც, რომ საქართველოს გამოეყენებინა შესაძლებლობების ფანჯარა და ჩართულიყო ომში. ძალიან გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც არ ეხებოდა ომს და არც სანქციებს,”- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დეპუტატის თქმით, საინტერესოა, ხომ არ იყო ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, რომ  დაბრუნებულიყო პოლიტიკაში.

,,იმასაც შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდი, ანუ ამ შეხვედრამდე პერიოდი ეს არის საკითხი, როდესაც პიკში არის ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაფორმალური სანქციები, არ ხდებოდა მისთვის ნახატების დაბრუნება, არ ხდებოდა მის საკუთრებაში არსებული ვერტმფრენების გადაცემა, დაბლოკილია მისი ყველა ანგარიში და ამ დროს ხდება შეხვედრა. ჩვენ გვაინტერესებს, ხომ არ იყო გარკვეულწილად ზეწოლა, რათა მას თავისი გავლენა გამოეყენებინა ხელისუფლებაზე ან დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში, რომ საქართველო უფრო მეტად შეერთებოდა სანქციებს, რომ საქართველოს რაღაც ნაბიჯები გადაედგა ომის მიმართულებით. ეს არის ჩემი აზრით ლეგიტიმური კითხვები. ამ კითხვების ლეგიტიმურობას კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ პირველივე, ძალიან მარტივად დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრა ომის დაწყების დღიდან მას და ბიძინა ივანიშვილს შორის, ვერ მივიღეთ პასუხი, ანუ პასუხი მივიღეთ ძალიან ბუნდოვანი, გაუგებარი”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი თემები