საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობის სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლო მალე მთავრობის სარჩელის განხილვას დაიწყებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაა. №1711 კონსტიტუციური სარჩელი – „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ – ასე ქვია საქმეს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშია.

„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებული წინადადება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმის კონსტიტუციურობის შეფასება მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას.

საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლების განსაზღვრამ შესაძლოა, წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლენუმმა მიიჩნია, რომ მართებულია №1711 კონსტიტუციური სარჩელი განხილულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ“, – განმარტავენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

მსგავსი თემები