„ვისურვებდი, რომ ოპოზიციას იმ სცენარზე გვესაუბრა, ჩვენი ემიგრანტები როგორ დავაბრუნოთ საქართველოში”-ლევან იოსელიანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

იოსელიანის თქმით, ოპოზიცია თუ საინტერესო შეთავაზებას გააკეთებს, ქვეყანაში საკმარისი რესურსი არსებობს, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა მოიპოვოს.

„ვისურვებდი, რომ ოპოზიციას იმ სცენარზე გვესაუბრა, ჩვენი ემიგრანტები როგორ დავაბრუნოთ საქართველოში და როგორ შევუქმნათ პირობები, რადგან ხალხის უმრავლესობა წასულია გაჭირვების გამო. იქ დღე და ღამე შრომობენ და აქ ოჯახებს ინახავენ. სხვა მხრივ, მათ შესაძლებლობა ისედაც აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. მონაწილეობას რატომ არ იღებენ? რადგან არალეგალურად იმყოფებიან, ამის შესაბამისი პირობები არ აქვთ. არ ვიცი, მოლდოვის მოდელი რაში მდგომარეობს, მაგრამ მინდა, ჩვენი ემიგრანტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ და აქ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. თუ ოპოზიცია საინტერესო შეთავაზებას გააკეთებს, ქვეყანაში საკმარისი რესურსი არსებობს, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა მოიპოვოს. პრობლემა ისაა, რომ ასეთი შეთავაზების დეფიციატია ყველა მიმართულებით და განუწყვეტლივ არის საუბარი მხოლოდ ერთი პოლიტიკოსისა და ერთი პარტიის გარშემო. საბოლოო ჯამში, ეს პოლარიზაცია და ამაზე ხელისუფლების პასუხები ისეთ გარემოს ქმნის, სადაც ყველა ფლუსტრირებულია და არავის იმედი აღარ აქვს. ბევრი რამეა დამოკიდებული პოლიტიკოსებზე, რას ვთავაზობთ ამომრჩეველს. ამომრჩეველი უკვე მარტივად ხმას აღარ გაძლევს, მას აინტერესებს, რას გააკეთებ მისთვის, როცა საკრებულოში ან პარლამენტში შეხვალ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ნიკა მელიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა მოლდოვის საარჩევნო რეფორმის საქართველოში დანერგვაზე მუშაობს

 

მსგავსი თემები