ნებისმიერი ვალის ჩამოწერა ძალიან კარგი აქტია – დავით ჭიჭინაძე ჭარბვალიანობაზე

  •  

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივას, ქვეყნის 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით, თუმცა მიაჩნია, რომ ხელისუფლებას დიდი ყურადღება მართებს ჭარბვალიანობა ისევ არ დადგეს დღის წესრიგში.

​როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, საქართველოს ეკონომიკა ძირითადად ვალის სტიმულირებაზეა აწყობილი,  ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების გაზრდის საშუალება არის ვალის აღება. მომხმარებელი იღებს ვალს, რისი საშუალებაც გასული საუკუნის 90-იან წლებამდე არ არსებობდა. 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან ადამიანებს სამომხმარებლო – იპოთეკური სესხების აღების შესაძლებლობა მიეცათ. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ სტუდენტური სესხი აიღონ. შესაბამისად, ხელისუფლებამ სხვადასხვა ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ქვეყანაში ჭარბვალიანობა  მაქსიმალურად შემცირდეს.

“ნებისმიერი ვალის ჩამოწერა ძალიან კარგი აქტია. თუ დააკვირდებით, სესხი დამოკიდებულია მოხმარების სტიმულირებაზე. აქედან გამომდინარე, როდესაც რაღაც ვალის ჩამოწერა ხდება, ძალიან დიდი რისკი არსებობს, რომ ადამიანმა თავიდან აიღოს ვალი. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს შეიძლება ეკონომიკაზე დადებითად აისახოს, თუმცა რამდენად კარგ გავლენას იქონიებს ეს ადამიანების ფსიქოლოგიურ განწყობაზე, მეორე საკითხია. ადამიანები თავიდან, ახალი ჩამოწერის მოლოდინში იქნებიან და შეიძლება ამან უარყოფითად იმოქმედოს მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ, ხელისუფლებას დიდი ყურადღება მართებს, რომ ჭარბვალიანობა ისევ არ დადგეს დღის წესრიგში”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

​მისივე თქმით, ეს ერთი ნაბიჯი ვერასოდეს მოხსნის ჭარბვალიანობის პრობლემას, რადგან ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ბანკები არღვევენ კანონს და ლეგალური თუ არალეგალური გზით ცდილობენ გვერდი აუარონ მიღებულ კანონებს.

” ეს შეეხება, როგორც არაპროფილურ საქმიანობებს, ასევე, არაფინანსურ სექტორში მათ აქტიურ მოღვაწეობას. დასაზღვევო კომპანიები, მოგეხსენებათ ბანკების მფლობელობაშია, შესაბამისად ძალიან ბევრი გაუგებარი და არაგამჭვირვალე ქმედებებია ხოლმე არ მიმართულებით”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები