ჩვენი ამომრჩევლის 40%-იან რეზერვს სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გამოვიყენებთ – ბიძინა გუჯაბიძე   

წინა მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკ  “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებიდან“, ყოფილი დეპუტატი ბიძინა გუჯაბიძე აცხადებს, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა, თუმცა მიაჩნია, რომ “ქართული ოცნებას” აქვს 30-40% რეზერვი, რომელიც არჩევნების მეორე ტურში იქნება სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად იქნება გამოყენებული.

როგორც ბიძინა გუჯაბიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაითვალისწინა ყველა ის მესიჯი, რომელიც პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო და პრეზიდენტის თანამდებობაზე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირა მხარი.

ბიძინა გუჯაბიძემ კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” გენერალურ მდივან კახა კალაძის გუშინდელ განცხადებაზე, როდესაც მან თქვა, რომ მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატურა უნდა ჰყოლოდა ამ არჩევნებში და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერით საკუთარ ამომრჩეველში დაბნეულობა შეიტანა.

“კალაძეს არ უთქვამს სალომე ზურაბიშვილი არ იყო სწორი კანდიდატურაო, მან თქვა, რომ შეიძლებოდა საპრეზიდენტო კანდიდატურა დაგვეყენებინა ჩვენი პარტიული რეზერვიდანო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იყოს სწორი კანდიდატურა, კალაძის სიტყვები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. ჩვენ გავითვალისწინეთ მსოფლიო განწყობები, ვართ ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში როგორც ქვეყანა და როგორც პოლიტიკური ძალა, ამიტომ უნდა გაგვეთვალისწინებინა ის ფაქტორი, რომ ყველა სფეროში ფაქტობრივად “ქართული ოცნება” არის წარმოდგენილი. პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენი წრიდანაა, მინისტრები, ქალაქის მერები, და ა.შ.  ჩვენ მივიღეთ მესიჯი პარტნიორი ქვეყნებისგან და ეს გავითვალისწინეთ ამ არჩევნებზე”, – აცხადებს ბიძინა გუჯაბიძე.

​​მან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის გუშინდელ ფაქტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანს ურთიერთობის თავისი ფორმა აქვს და ვერავის დაუკანონებს, მათ შორის ვერც სალომე ზურაბიშვილს, თუ რა ჩარჩოებში ისაუბროს და იმოქმედოს.

“ქალბატონმა სალომემ გარკვეულ მომენტში განაწყენებულმა ბრძანა, რომ კარგი იქნება, ცოტა აზრიან კითხვას თუ დასვამთო. იქნებ ადამიანი გადაღლილია, სახლში უნდა შესვლა, ჟურნალისტი უკან რომ გამოგეკიდება, არ არის სასიამოვნო. ინტერვიუს დროს ხომ არ უნდა წაიქცეს ადამიანი. მიეცი საშუალება თავის სახლში შევიდეს და მოისვენოს. შეიძლება ქალბატონი სალომე, რაღაც მომენტში არის ხისტი, მაგრამ, ის არის ადეკვატური იმისა, რაც ხდება მის ირგვლივ. წესია, რომ ჟურნალისტები ბრიფინგზე უნდა მიიწვიო“, – განაცხადა ბიძინა გუჯაბიძემ.

მსგავსი თემები