თავხედობა და დაცინვაა, როცა გადამდგარ პრეზიდენტს უკან აბრუნებენ – ვარლამ ლიპარტელიანი

  •  

ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ვიცე ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ თავხედობა და დაცინვაა, როცა გადამდგარ პრეზიდენტს უკან აბრუნებენ.

მისი თქმით, ის რაც დღეს ძიუდოს ფედერაციაში ხდება სრულებით მიუღებელია ძიუდოს სამყაროსთვის, გრძელდება ერთპიროვნული მმართველობა და ისევ ის ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ აკეთებდა იმ საქმეს რაც იყო სპორტსმენებისთვის ხელსაყრელი.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ვარლამ ლიპარტელიანმა დღეს განაცხადა, დელეგატებიცა და კანდიდატებიც ფედერაციის გადამდგარი პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილთან დაახლოებული პირები არიან.

“დელეგატები არიან ქევხიშვილის მიერ წარდგენილები, მის მიერ შექმნილი კლუბები, ის ადამიანები მონაწილეობენ არჩევნებში, ვინც უშუალოდ ქევხიშვილის დაქვემდებარებაში არიან, აქედან გამომდინარე ეს არჩევნები არის არალეგიტიმური, უნდობლობას ვუცხადებთ მათ გადაწყვეტილებას. უმრავლესობა იღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ქევხიშვილისთვის არის ხელსაყრელი და არა ძიუდოსთვის. კანდიდატები არც შეხვედრიან სპორტსმენებს, არ ჰქონიათ სამომავლო განვითარების გეგმებზე საუბარი. ჩვენ კარგად ვიცით მათი განვლილი გზა. ათაბეგაშვილი არის მხარე, რომელიც მხოლოდ ქევხიშვილის ინტერესებს გაითვალისწინებს და არა სპორტსმენების”, – აცხადებს მსოფლიო ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი.

მისივე თქმით, დავით ქევხიშვილი იყო ერთპიროვნული მმართველი, მასთან კომუნიკაციის საშუალება არ არსებობდა, არ გადიოდა კონსულტაციებს, არც სპორტსმენებთან და არც მწვრთნელებთან. ნაკრები კი შეჯიბრებებში სრულფასოვნად ვერ მონაწილეობდა.

“ამ ყველაფერმა დადო ის შედეგი, რაც მივიღეთ ევროპის ჩემპოინატზე – წარუმატებლობა. შემდგომ გადადგა ქევხიშვილი რამდენიმე თვით, ოდნავ მეტად ინდივიდუალურად გვქონდა მუშაობის საშუალება და ნახეთ გუნდმა რა შედეგიც დადო: გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო და მე ვერცხლის მედალს დავეუფლე. ეს მოხდა მაშინ, როცა ქევხიშვილის დანიშნული სპორტსმენები აღარ ხელმძღვანელობდნენ გუნდს. ის ადამიანი ვერ იქნება ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ვერ იქნება სპორტსმენებისთვის მისაღები, ვინც არაფერს აკეთებს ძიუდოს განვითარებისთვის. როცა სპორტსმენისგან ელის ქვეყანა გამარჯვებას, გუნდი კი უნდობლობას გიცხადებს, ის ადამიანი არ უნდა მოდიოდეს პრეზიდენტად”, – აცხადებს ვარლამ ლიპარტელიანი.

​მისივე ინფორმაციით, ძიუდოისტებს სპორტის სამინისტროსგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გადადებულიყო, გუშინ კი შეიტყეს, რომ არჩევნები დღეს იმართება. წარდგენილ კანდიდატებს შორის სამმა მოხსნა კანდიდატურა, ბოლო მომენტში ცნობილი გახდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს ფედერაციის ექსპრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.
​ძიუდოისტების ინფორმაციით, წარდგენილი კანდიდატი გიორგი ათაბეგაშვილი, ასევე ქევხიშვილის კადრია და ის ამ პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობას ითავსებდა.

“მედიაცენტრ მთავარში” გამართულ ორესკონფერენციაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი -, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ვიცე ჩემპიონი –  ვარლამ ლიპარტელიანი, ევროპის თამაშების ჩემპიონი ადა ოქრუაშვილი და ძიუდოს ფედერაციის სხვა სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

 

მსგავსი თემები