თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის  ინფორმაციით, შეზღუდვა 22 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

მოძრაობა შეიზღუდება: ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან გადაადგილება დასაშვები იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით). ავტომობილების მძღოლები ასევე, იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის დროს, გადაადგილება შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზეც. კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვა 23 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

შეზღუდვის პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნ. ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით. 24 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე, წერეთლის გამზირზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ შეფერხებით, თუმცა, არსებული სქემის შესაბამისად“,- აცხადებენ მერიაში.

 

მსგავსი თემები