“პრაქტიკულად დადასტურდა, რასაც ვამბობდით, რომ გიორგი გახარიამ შეასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა და გეგმა” – სოზარ სუბარი

პრაქტიკულად დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, რომ გიორგი გახარიამ შეასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა და გეგმა – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„როდესაც გიორგი გახარიამ ჩაიდინა ის წარმოუდგენელი ღალატის აქტი, მთელი ოპოზიცია იყო გახარებული, განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიცია და ამბობდნენ, ეს ადამიანი და მისი პარტია მთლიანად წაიღებს და დაჯდება „ქართული ოცნების“ ხმებზეო. ჩვენ ვამბობდით, დიახ, ალბათ ასე იქნება, ნახევარზე მეტს ალბათ, ჩვენგან წაიღებს, მაგრამ მეორე მხრივ, რაღაც გარკვეულ ნაწილს ოპოზიციასაც წაართმევს-თქო. დღევანდელი გადასახედიდან, ოპოზიცია რომ მართალი ყოფილიყო, ცხადი იყო, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 55%-იანი მხარდაჭერა გვექნებოდა და თბილისშიც იგივე, კახა კალაძე 55%-მდე აიღებდა, ხოლო თუ ჩვენ ვიყავით მართალი, ამ შემთხვევაშიც ცხადი იყო, კახა კალაძე იმარჯვებდა პირველ ტურში და იმ ქალაქების აბსოლუტურ უმრავლესობაში, სადაც მეორე ტური გვაქვს, არჩევნები პირველ ტურში იქნებოდა დამთავრებული. ანუ, პრაქტიკულად დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, რომ გიორგი გახარიამ შეასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა და გეგმა, თორემ ყოფილ პრემიერს, რომელიც ორნიშნა რიცხვს ვერ მიიღებდა, მერის არჩევნებისთვის ბრძოლაში არც უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს იყო მისი დავალება და მან ეს დავალება შეასრულა. თუმცა, ამით ვერაფერი დააკლო „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა სუბარმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს არჩევნები დამაფიქრებელი „ქართული ოცნებისთვის“, როცა მმართველი პარტია შედეგებს აანალიზებს, რადგან რამდენიმე დიდ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ლიდერობენ, ზოგან კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მინიმალური სხვაობით უსწრებს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ნებისმიერი არჩევნები არის გარკვეული გადატვირთვა და განვლილი გზის, შეცდომების და წარმატებების ახლიდან დანახვა, თუმცა, მეორე მხრივ, 2 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის იმდენივე პროცენტი აიღო, რამდენიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

„თუ აქ გამოვრიცხავთ მოღალატის და მისი პარტიის პროცენტს, ამ შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ ჩვენ გაცილებით მეტიც ავიღეთ. ანუ, ამ შემთხვევაში, მთავარ ოპოზიციურ ძალასთან, მოძალადეების პარტიასთან შედარებით ჩვენ გვაქვს დიდი უპირატესობა და იმედი მაქვს, ის ამომრჩეველი, რომელმაც შეცდომით ჩათვალა, რომ მოღალატის პარტია „ოცნების“ პროექტი იყო, დღეს დაინახავს, საით არის სიმართლე და ბევრ ჩვენს თანამებრძოლს აეხილება თვალი. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელს, თუ შარშანდელ არჩევნებს შევადარებთ, ის არ არის გაუმჯობესებული და დაახლოებით, ერთი და იგივეა“, – განაცხადა სუბარმა.

მსგავსი თემები