“ცუდია იყო გუნდის შიგნით და გუნდს ურტყამდე გარედან” – ზაქარია ქუცნაშვილი

“ჩვენთვის განსხვავებული აზრი გუნდის შიგნით არ არის, თუმცა, ცუდია, იყო გუნდის შიგნით და გუნდს ურტყამდე გარედან” – აღნიშნული განცხადება მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა “ქართული ოცნების” სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, სხდომაზე გუნდიდან ადამიანების გარიცხვის შესახებ მსჯელობა არ ყოფილა.

“დღეს შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა და ვიმსჯელეთ საკითხებზე, რაც აქტუალურია საზოგადოებაში. კერძოდ, გავაგრძლეთ მსჯელობა კრიტერიუმებზე რითიც უნდა მოხდეს შერჩევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების. პარლამენტის ყველა წევრი ხმის მიცემისას თავისუფალი იქნება. ასევე, ვიმსჯელეთ სამომავლო საკითხებზე. გარიცხვაზე არანაირი საკითხი არ დასმულა. ეთიკური სტანდარტი მოითხოვს, რომ ყველა მიღებული წესი გაიზიარო გუნდში, ხოლო მიღებული წესები თუ არ მოგწონს, გუნდი უნდა დატოვო. ყველა დაეთახნხმა, რომ სამართლიანი წესებით უნდა იმართებოდეს საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენთვის განსხვავებული აზრი გუნდის შიგნით არ არის, თუმცა ცუდია იყო გუნდის შიგნით და გუნდს ურტყამდე გარედან. ჩვენ არავის არ ვრიცხავთ და ვუზღუდავთ თავისუფლებას, მაგრამ არც გარედან არ უნდა ურტყამდე გუნდს,” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები