შვილმომკლულ მამასთან აუდიენციას პროკურატურა ერთ კვირაში გეგმავს

​თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს, გენერალურ პროკურატურაში 12 თებერვალს ელოდებიან, სადაც მას საშუალება ექნება, საქმიანი კომუნიკაციის ფორმატში შეხვდეს მის საქმეზე მომუშავე ყველა პროკურორს. აღნიშნული ანონსი მთავარი პროკურატურის პრესსამსახურმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ზაზა სარალიძემ, პროკურატურის შენობაში ძალით შეჭრა სცადა.

შვილმოკლულმა მამამ ​პირველ თებერვალს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმესთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრა სურდა.  ამასთან დაკავშირებით თადუმაძეს წერილობით მიმართა, მაგრამ მთავარი პროკურორისგან არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ მიუღია. ამიტომ გადაწყვიტა დღეს, საკუთარი სურვილითა და მასმედიის თანხლებით მისულიყო პროკურატურაში. იგი შენობაში არ შეუშვეს.  

​​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გენერალურ პროკურატურაში განუმარტეს, ზაზა სარალიძისა და მიმდინარე საქმის მოქმედი პროკურორების შეხვედრას ორგანიზებას თავად გაუწევენ, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია კი ცნობილი იქნება, როგორც თავად ზაზა სარალიძისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

“გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე. თუმცა ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ, მოკლებული ვართ მასთან საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის შესაძლებლობას”, – აცხადებენ პროკურატურაში. 

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოში თვითნებურად შევიდა და აცხადებს, რომ ტერიტორიას არ დატოვებს, ვიდრე პროკურატურიდან არ მიიღებს კითხვებზე პასუხს.

აღსანიშნავია, რომ ხორავას ქუჩაზე, ერთი წლის წინ მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს, პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის გამო, 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლო პროცესი 8 თებერვალს გაიმართება.

​როგორც სარალიძის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, სარალიძე დაზარალებულიდან ბრალდებულად აქციეს. „საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა. სასამართლო პროცესი დანიშნულია 8 თებერვალს. თუ საქმეს სამართლებრივად შევხედავთ , სასამართლო პროცესი სწორედ შედეგისთვის იმართება. შედეგი არის ის, რომ ზაზა სარალიძეს წარდგენილი აქვს ბრალი. მის მიმართ წარდგენილი ბრალი 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სარალიძის ადვოკატი ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. 

დაცვის მხარე მოითხოვს შვილმოკლული მამის პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განიხილებოდეს, რადგან მისი ქმედება, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის საპასუხო რეაქცია იყო.

საუბარია 2018 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე, ზაზა სარალიძესა და პოლიციის თანამშრომელს შორის დაპირისპირებაზე, რა დროსაც სარალიძე პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.  

მსგავსი თემები