„სისხლისგან იცლება და ხალხისგან იცლება საქართველო“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა

„ყველაფერი საქართველოში ნადგურდება, მასობრივად გაედინება ხალხი ყოველდღიურად, სისხლისგან იცლება და ხალხისგან იცლება საქართველო“ – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს.    

მისივე განცხადებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება ბოლო ზღვარია. ამის იქით მოთმენა შეუძლებელია.

„ნადგურდება ჩვენი ისტორიული ფასეულობები, ჩვენი საეკლესიო ცხოვრების წესი, ჩვენი ბავშვების მომავალი და ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და აუცილებლად ახლა, ეს არის ბოლო ზღვარი, როდესაც ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, ყველა უნდა ჩავერთოთ პროცესში. ამიტომ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე „ტრიუკი“, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით.

ის ამ ყველაფერს იზამს, რა თქმა უნდა იზამს, ოღონდ ამჯერად, ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, ჩვენ უნდა შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე. ჩვენ არ გვინდა არეულობა და არ გვინდა ძალადობა, მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა მომავალი და ასევე არ გვინდა, რომ ჩვენზე ძალადობდეს ვინმე, ჩვენ არ გვინდა, რომ გვანადგურებდეს ვინმე და ჩვენ ამას წყანარად შევხვდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ გვაქვს ღირსება და სიამაყე და ჩვენ გვინდა ადამიანური ცხოვრება“ – აცხადებს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, მის წინააღდეგ აღძრული სს საქმე შეკერილია და ამას მსოფლიო ხედავს.  

„იცით, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც მსოფლიოში არ ცნობს არც ერთი ქვეყანა. მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და არსად არასოდეს კითხვები არ უჩნდება ამ ე.წ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. უკვე ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული. მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში“,- განმარტავს სააკაშვილი.

მსგავსი თემები