„ასეთი რადიკალიზმი პოლიტიკაში საერთოდ კატეგორიულად მიუღებელია“- გიორგი გახარია

„პოლარიზაციის ასეთი დონე რომელიც ქვეყანაშია, ეროვნული უსაფრთხოების საკითხი ხდება. მთავრობა, ოპოზიცია, პარტნიორები, მედიატორები, მოქალაქეები, სამოქალაქო სექტორი – ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად“ – აცხადებს გიორგი გახარია.

გიორგი გახარიამ დღეს მედიასთან პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლარიზაციის ასეთი ხარისხი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. 

„ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ – დღეს ქვეყანა, საქართველო, ჩვენი სახელმწიფო, ისეთი გამოწვევების წინაშე დგას – მაგალითად კოვიდი, მაგალითად რეგიონალური პროცესები… სულ რამოდენიმე თვის წინ, ჩვენს რეგიონში ცხელი ომი იყო. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლარიზაციის ასეთი დონე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია და რომელიც დღეს ქვეყანაშია, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი ხდება უკვე და ეს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. ამიტომ, ყველა პასუხისმგებლიანი მოთამაშე პოლიტიკურ ველზე: მთავრობა, ოპოზიცია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მედიატორები, რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო სექტორი – ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად,“ – ამბობს გიორგი გახარია. 

გიორგი გახარიამ მმართველი გუნდის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობას ქვეყნისთვის დამაზიანებელი უწოდა. 

„მარტივ მაგალითს მოგიყვანთ – როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია; ვინც მე არ მეთანხმება და სხვა მოსაზრება აქვს, ჩემი მტერია; მერე ამბობს რომ ჩემი მტერი ვინც არის, ის ქვეყნის მოღალატეა და ქვეყნის მტერიც არის. ასეთი რადიკალიზმი პოლიტიკაში საერთოდ კატეგორიულად მიუღებელია და საქართველოში, მით უმეტეს პოლარიზაციის ასეთ ფონზე არის კატასტროფამდე მისვლის ძალიან მაღალი რისკის შემცველი. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გვქონდეს და როდესაც დაუფიქრებლად ვაკეთებთ მსგავს უპასუხისმგებლო მარტო განცხადებებს კი არა, მსგავს ფასეულობებს და მსგავს მიდგომებს ვნერგავთ უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან და უმაღლესი ტრიბუნებიდან. ეს არის ქვეყნისთვის ზიანის მოტანის პირდაპირი მცდელობა. ამიტომ თავი უნდა შევიკავოთ,“ – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები