„ძალიან სერიოზული ეპიდსიტუაციაა ქვეყანაში“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალი შემთხვევების რაოდენობის მხრივ საქართველო ლიდერთა ჯგუფშია. როგორც ინფექციონისტი განმარტავს, ქვეყანაში დარჩენილი მინიმალური რეგულაციების მიუხედავად, ის მაინც არ სრულდება.

“ძალიან სერიოზული ეპიდსიტუაციაა ქვეყანაში.  დღეს იყო 5600 ახალი შემთხვევა და 54 გარდაცვალება. ახალი შემთხვევების რაოდენობის მხრივ, საქართველო ლიდერთა ჯგუფშია. ამის მიზეზი არის ის, რომ მოხსნილია ყველა მკაცრი შეზღუდვა და ამ პირობებში დარჩენილი რეგულაციები, მინიმალური რეგულაციებიც არ სრულდება. მხედველობაში მაქვს, რომ არ ატარებენ პირბადეს, თბილისის მიღმა გაბრძანდით და პრაქტიკულად არ ატარებენ პირბადეს“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე შეფასებით, ჯარიმების მოხსნამაც უარყოფითად იმოქმედა მოსახლეობაზე.

„ძალიან ლიბერალიზაცია მოხდა აღსრულების მხრივ. ჯარიმები გაუქმდა, ეს გაკეთდა ჰუმანური მოსაზრებებით, მაგრამ ეს ყველაფერი ბევრმა კარგად ვერ გაიგო და ბევრმა ისარგებლა და ისე კი არ მოიქცა, რომ მას აპატიეს პირბადის არ ტარება ან ხალხმრავალი შეკრება, ქორწილი, პირიქით ჩათვალეს, რომ ეს შეიძლება და ამ პრაქტიკას აგრძელებენ“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან.

ინფექციონისტი აღსრულების მექანიზმის გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყნის სრული ჩაკეტვა ვერ მოხდება.

მსგავსი თემები