“საგანგაშოა, რომ გუნდმა, რომელიც მეგი ბაქრაძის მდგომარეობას მართავდა, სამართალდამცავებს და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა” – თამარ გაბუნია

  •  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტროსთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მდგომარეობას მართავდა, სამართალდამცავ ორგანოებს და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ექსპერტების მოკვლევის საფუძველზე უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მეგი ბაქრაძის გარდაცვალება საექიმო შეცდომა.

„ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც ჩვენი კოლეგა ექთნის მართვაში მონაწილეობდა, სამართალდამცავ ორგანოებს და მარეგულირებელ სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რაც არ ასახავდა იმ სურათს, რომელიც კლინიკაში იყო. ცრუ ჩვენება, როგორც სამართლებრივი, ასევე პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია. თავის მხრივ, რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს რეალური ფაქტები და ამის მიხედვით, ექსპერტების მოკვლევით, ჩვენ გვექნება საფუძველი ვიმსჯელოთ საექიმო შეცდომა მოხდა თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე, გავაგრძელოთ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის მუშაობა“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმს და ერთ ექთანს ბრალი გუშინ წარუდგინა. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.

პროკურატურის ინფორმაციით, იმუნიზაციის შემდეგ, მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოყენებულა და იმ დროს, როცა გართულების შემდგომი გადაუდებელი დახმარება გაუწიეს, ექიმი ვ.ი. დაყოვნების ოთახში არ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდეგ ექთანი მეგი ბაქრაძე კომაში ჩავარდა, რის გამოც, გარდაიცვალა.

მსგავსი თემები