„შესაძლებელია, ნაბიჯები დაწესებულ შეზღუდვათა შემსუბუქებისკენ გადაიდგას“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ რეგულაციების შემსუბუქება დამშვიდების შესაძლებლობას არ იძლევა.  

„გაფართოებული ტესტირების ფონზე, დადებითობის მაჩვენებელი გვეუბნება, რომ შესაძლებელია ნაბიჯები დაწესებულ შეზღუდვათა შემსუბუქებისკენ გადაიდგას“ – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

მისივე შეფასებით, თუ საჭირო გახდა, ზომები ისევ გამკაცრდება.

“ქვეყანა ჩაკეტილი ვერ იქნება, უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. შემსუბუქებები თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად. გარკვეული შემსუბუქება იყო საახალწლოდ, შემდეგ ისევ გამკაცრდა. ითქვა, რომ იანვარში მდგომარეობას დავაკვირდებოდით. მაშინვე გამოცხადდა, რომ პირველი თებერვლიდან გარკვეული შემსუბუქებები იქნებოდა. ეპიდსიტუაცია სრულად დამშვიდებული არ არის, მაგრამ დამშვიდებისკენ მიდის. სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, ამიტომ თანდათანობით შემსუბუქებები მიმდინარეობს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგის შეფასებით, დღეში 500 შემთხვევა საქართველოსთვის ცოტა ნამდვილად არ არის.

“ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, რაც გახლავთ მთავარი დამცავი საშუალება.  წელიწადი და კიდევ ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება – გავითავისოთ ეს. სანამ მოსახლეობის 70% არ აიცრება და ვირუსზე მოქმედების ეფექტური წამალი არ დამტკიცდება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა, დისტანციის დაჭერა და ასე შემდეგ აუცილებელი იქნება. ამას უნდა შევეგუოთ”, – განაცხადა გამყრელიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები