“ეს არის ბოლო „გაფართხალება,“ ქართული რაგბის ბედს ამ ადამიანს ვერ გადავაყოლებთ” – პრეზიდენტი „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, რადგანაც ამისი საჭიროება არ არსებობს და ვიღაცის სურვილით ეს ვერ მოხდება.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე, მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ირაკლი აბუსერიძემ და რაგბის ეროვნული ნაკრებ შვიდკაცას მწვრთნელმა პალიკო ჯიმშერაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს.   

„ყრილობამ პრეზიდენტად ამირჩია, მომცა ლეგიტიმაცია, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატის შეტანილი საჩივრის საფუძველზე შემიჩერდა რეგისტრაცია, ტექნიკური ხარვეზის მიზეზით. იურისტებთან ერთად გავდივარ ახლა, მომდევნო კვირას ჩვენ შევიტანთ დოკუმენტაციას. ცოტა უხერხულად მიმაჩნია, რომ 7 დეკემბერს ერთ-ერთი კანდიდატი ულტიმატუმის ენით სთხოვს სპორტის სამინისტროს და გამგეობას განმეორებითი ყრილობის თარიღის დანიშვნას და რამდენიმე დღეში საერთოდ რადიკალურ განცხადებას ავრცელებს. გაუგებარია ისიც, რომ 42 დელეგატიდან 36-მა მოაწერა ხელი მოთხოვნით, რომ დანიშნულიყო განმეორებითი ყრილობა. მაინტერესებს თავის გადაწყვეტილებას და ხელმოწერას ეწინააღმდეგებიან? როცა აპელირებენ, ლეგიტიმური იყო 7 დეკემბერს ყრილობა და 2 კვირის შემდეგ უკვე არალეგიტიმური? ჩემთვის ეს გაუგებარია“ – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

როგორც მან აღნიშნა, რაგბის მომავალი პატარა კაცის ამბიციებსი არ უნდა გადაყვეს.

„ზუსტად იმ ერთ-ერთი კანდიდატზე მაქვს საუბარი, განათლებითაც იურისტია და იურისტმა მგონი ეს უნდა იცოდეს. რაგბის კავშირის ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება და მომანდო რაგბის მომავალი 4 წლის ვადით, ამიტომ პატარა კაცის ამბიცია, რომ მისი საჩივრით რაღაც შეიცვლება. ეს მალევე დამთავრდება, იმიტომ, რომ ყველაფერი კანონიერად ჩატარდა, წესდების და კანონის გათვალისწინებით. ამიტომ ეს არის ბოლო ეტაპი, ბოლო გაფართხალება და ვერ გადავაყოლებთ ქართული რაგბის მომავალს ამ ადამიანს“, – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ “მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე თქმით, ხელახალი არჩევნების საჭიროება არ არსებობს და ერთ ადამიანის სურვილით ის ვერც ჩატარდება. „ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც საჭიროა, სამართლიანობისა და კანონიერების ფარგლებში“ – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები