10 აგვისტოდან მოქალაქეები ვაჭრობას სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, უფასოდ შეძლებენ

  •  

10 აგვისტოდან, თბილისის ათივე რაიონში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია ყოველგვარი გადასახადების გარეშე გაყიდონ. მოქალაქეებს, განსაზღვრულ ადგილებში ვაჭრობისთვის, კვირაში 2-3 დღე გამოეყოფათ.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კომფორტულად მოწყობილ დახლებზე ვაჭრობის უფლება მოქალაქეებს რეგისტრაციის შემდეგ მიეცემათ. 

„გამგებლებს დავავალე, თავიანთ რაიონებში განესაზღვრათ ადგილები, სადაც სწორედ ადამიანებს მივცემდით შესაძლებლობას, გაეყიდათ პროდუქტები. ასეთი ადგილები უკვე გამოყოფილია, დამზადებულია დახლები. იმ ადამიანებს, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს, 10 აგვისტოდან ექნებათ შესაძლებლობა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ამ ადგილებზე გაყიდონ  თავიანთი პროდუქტი. გამოვყოთ კვირაში 2-3 დღე, როდესაც მოქალაქეებს ექნებათ აქ ვაჭრობის საშუალება, ყოველგვარი გადასახადის გარეშე და არა ქუჩაში, სადაც ხან მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს, ხან საპატრულო. ეს დისკომფორტი რომ ავიცილოთ თავიდან, სწორედ ამისთვის გამოყოფილია კონკრეტული სივრცეები, მოწესრიგებული, გალამაზებული დახლებით. ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი თემები