,,ვაშაძე არის მოღალატე, ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლს იღებს”- ირაკლი კობახიძე

,,მე მგონი, გიორგი ვაშაძე უფრო „ერთმაგი აგენტია“. „ორმაგი“ შეიძლება გარკვეული ინტერპრეტაცია იყო,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ უპასუხა კითხვას თუ რა იგულისხმება „ორმაგ აგენტში“, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძის მისამართით გამოიყენა.

„რაც შეეხება თვითონ ზიზღის ენას – ეს იყო გამოყენებული თვითონ გიორგი ვაშაძის მხრიდან. ნახეთ, რა ლექსიკით საუბრობდა დღეს ის პარლამენტში. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო. როდესაც საუბარია 12 პუნქტზე, პირველი პუნქტი არის დეპოლარიზაცია და ამ დროს გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში ასეთი ლექსიკით და ტერმინოლოგიით გამოდის. ეს ბუნებრივია, მიუღებელია,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელენე ხოშტარია რუსეთის ოფიციალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუსულ რუბლს იღებს.

„რაც შეეხება მის თანაგუნდელებს, მაგალითად ერთ-ერთი არის ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის ოფიციალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუსულ რუბლს იღებს. ასევე არის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც არ დავაკონკრეტებ, რას აჩვენებს რუსებს. ნუ, რაც აჩვენეს 2008 წელს რუსებს, იგივეს აჩვენებს საზღვარზე. სამარცხვინო ხალხი არიან ეს ადამიანები და რეალურად, ეს აჩვენებს მთლიანად ამ „ტროიკის“ სახეს.

ვაშაძე არის მოღალატე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. მისი თითოეული ნაბიჯი მოღალატეობრივია და ეს მთლიანად ომისა და ღალატის პარტიას ეხება, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს. მე არ მგონია, რომ ამას ისინი დავალების გარეშე აკეთებენ,“ – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები