„ვერ მოძებნით ადამიანს, ვინც იტყვის, რომ კლუბში მისი უფლებები დაირღვა“ – ნათია მეზვრიშვილი

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თუ ცალკეული ადამიანების პრეტენზიებზე, რომ კლუბებში არასათანადო ძალა იქნა გამოყენებული, უსაფუძვლოს უწოდებენ და მათგან კონკრეტულ ფაქტებს ითხოვს.
​როგორც მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, მისთვის პროტესტის ასეთი მასშტაბი გაუგებარია.

„8 ნარკორეალიზატორიდან 7 დავაკავეთ გარეთ, ერთი კი კლუბში. საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებდით ღამის 1-2 საათზე, როცა ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია ხორციელდებოდა. ამ დროს კლუბში უამრავი ახალგაზრდა იმყოფებოდა, ზოგი ნარკოტიკების, ზოგი კი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რომლებიც ჩვენი სამიზნე არ ყოფილა. ამიტომ გაუგებარია ამხელა პროტესტი. ეს არ იყო სპეცოპერაცია“ – აცხადებს მეზვრიშვილი და იმ მიზეზებსაც განმარტავს, რის გამოც კლუბებში 7 პოლიციელი შევიდა და არა ერთი.

„ ჩვენი სამიზნე არ იყვნენ კლუბის სტუმრები, რომლებიც იქ გასართობად მივიდნენ.  მათ არც არავინ შეხებია. ისინი კლუბიდან გარეთ გავიყვანეთ. როცა კლუბში ღონისძიება მიმდინარეობს და ასობით ადამიანი იმყოფება, მათ შორის ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, როცა კლუბის ტერიტორია საკმაოდ მოცულობითია, გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვები, რატომ არ შევიდა არა ერთი პოლიციელი, არამედ 70?” – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მისივე ინფორმაციით, ვერ მოიძებნება ადამიანი, ვინც იტყვის, რომ კლუბში მისი უფლებები დაირღვა, რადგან პოლიციის თანამშრომლებმა შენობაში მყოფ ადამიანებს ბოდიში მოუხადეს და განუმარტეს, თუ ვინმეს ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები, დაეტოვებინათ და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებულ შეღავათებს გამოიყენებდნენ, რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი.
“აღნიშნული ქმედებით, თავიდან ავიცილეთ უკანონო და დაუსაბუთებელი ჩხრეკა, რასაც კანონის ფარგლებში მოქმედი პოლიცია არ აკეთებს და არც უნდა გაეკეთებინა“, – განმარტავს შს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და თუ დანაშაულში სხვა ადამიანები გამოიკვეთებიან, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

მსგავსი თემები