,,საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის ოფიციალური აღმასრულებელი წარმომადგენელი უკრაინაში არ ჩადის”- გოცირიძე

,,რატომ არ ჩავიდა უკრაინაში არცერთი წარმომადგენელი მთავრობიდან? მინისტრები რომ არ ჩადიხართ, რა სიგნალია ეს, რა შეტყობინებაა?,”- ამ კითხვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მიმართა, რომელსაც დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მისივე თქმით, საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის ოფიციალური აღმასრულებელი წარმომადგენელი უკრაინაში არ ჩადის.

„ბატონო ილია, თქვენ ალბათ იცით, რომ კიევში გაიხსნა ქუჩა, რომელსაც „გამბედაობის ხეივანი“ ჰქვია. ამ ხეივანში გამოსახულია იმ ლიდერების გვარი და სახელი, რომლებიც რუსეთის აგრესიის დროს კიევში ჩავიდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ამ ქვეყანას. პირველი ეს ვარსკვლავივით გვარი, რომელიც ამოიკვეთა, იყო პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა. შემდეგ მას დაემატა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლატვიის პრეზიდენტი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ა.შ. ეს გმირობის ხეივანი საქართველოსთვის გადაიქცა სირცხვილის ხეივნად. იქ პატარა ქუჩა უნდა გააკეთონ, სადაც იქნება დერეფანი და ამ სირცხვილის დერეფანში თუ ვინმეს გაატარებენ ევროპის ქვეყნებიდან, ერთადერთი არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება მისი პრემიერ-მინისტრის მეთაურობით. გეკითხებით, რატომ არ ჩახვედით უკრაინაში? რატომ არ ჩავიდა უკრაინაში არცერთი წარმომადგენელი მთავრობიდან? მინისტრები რომ არ ჩადიხართ, რა სიგნალია ეს, რა შეტყობინებაა? ვის ეუბნებით, რომ მინისტრები არ ჩავდივართ და პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა? ჩავიდა კი არა, ძალით გავუშვით, მთელი ამბები მოვაწყვეთ აქ და როგორც იქნა, ჩავიდა. რას ეუბნებით ევროპას, საქართველოს მოქალაქეებს და რუსეთს რას ეუბნებით? საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის ოფიციალური აღმასრულებელი წარმომადგენელი უკრაინაში არ ჩადის. თქვენი მოადგილე რატომ არ გაუშვით? სიმბოლური აქტი მაინც რატომ არ გააკეთეთ?“, – განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი თემები