,,პირი, რომელიც ოკუპაციის შესახებ კანონს დაარღვევს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას”- ანრი ოხანაშვილი

,,თუ ვინმემ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დაარღვია, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება იქნება და უნდა იყოს,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანების კონკრეტული ნიშნის მიხედვით დაყოფა სწორი არ არის.

„ყველა შესაბამისი უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მშვიდობა იყოს გარანტირებული. დანარჩენი არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. არ არის სწორი მიდგომა, როცა ადამიანებს კონკრეტული ნიშნის მიხედვით ჰყოფ. თუ ვინმემ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დაარღვია, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება იქნება და უნდა იყოს. თუ ვინმე რაიმე ქმედებას განახორციელებს, ამაზე საჭიროა რეაგირება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის საჭირო საზოგადოებაში აღქმის გაღვივება და არა ფაქტის, რომ უკონტროლოდ ხორციელდება ქვეყანაში ვინმეს შემოსვლა და არ ხდება რეაგირება, თუ ამის საჭიროება არსებობს. თუ ვინმე დაარღვევს კანონს, შესაბამისი რეაგირება იქნება. ნებისმიერი პირი, რომელიც კანონის დამრღვევი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება – რუსი, ბელარუსი, ამერიკელი, გერმანელი თუ სხვა, ვინც არღვევს ოკუპაციის კანონს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები