„არაქრისტიანული და ამორალურია“ – საპატრიარქო სასულიერო პირის ცემაზე

საქართველოს საპატრიარქო, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც ერთი სასულიერო პირი მეორეს ფიზიკურად უსწორდება, განცხადებას ავრცელებს.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთი სამონაზვნო პირი მეორეს. უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელებისთანავე საქართველოს საპატრიარქომ დაიწყო ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი მორჩილები არიან.

დეტალების დაზუსტების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის ეპარქიასთან, რის შემდეგაც საზოგადოებას ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით ამ უზნეო და ყოვლად მიუღებელი ფაქტის შესახებ.

ამასთან, კიდევ ერთხელ გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია, უზნეობის გამოსწორების ნაცვლად ის აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

„შე ბო…ო, შენ დედას  შ…..ი“ – უმძიმესი კადრები, სისხლიანი დაპირისპირება მამაოებს შორის     

მსგავსი თემები