ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა სახელმწიფოებრივი ამოცანაა – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქართული ჯარის ღირსებად აფასებს იმას, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ვერავინ შეძლო ქართულ ჯარში დაპირისპირების შეტანა და ქართველი სამხედროების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს სახელმწიფოებრივი ამოცანაა ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა.

“ჩვენი ჯარისკაცების ღირსებაზე მეტყველებს, რომ სხვადასხვა უღირსი მცდელობის მიუხედავად, ვერავინ შეძლო ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და ჯარში რაიმე დაპირისპირების შეტანა. ქართული ჯარის ერთიანობის, ნეიტრალიტეტისა და სახელმწიფოს მიმართ ერთგულების ხელყოფას ვერავინ შეძლებს! ამის გარანტი იქნება თქვენი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი. მე, როგორც თავდაცვის ძალების მომავალი უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ვიქნები საქართველოს თავდაცვის ძალების ინტერესების გამტარებელი და დამცველი. ყველაფერს გავაკეთებ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​მან ქართულ ჯარს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ჯარისკაცების მიმართ ღრმა პატივისცემა გამოხატა.

 

მსგავსი თემები