ქართული ჯარის თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებით აღჭურვა უნდა გაგრძელდეს – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯარს  გიორგობის დღესასწაული მიულოცა და უღრმესი პატივისცემა გამოხატა ჯარისკაცების მიმართ.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყნის  თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად, რაც სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა,  საჭიროა განახლდეს ქვეყნის თავდაცვის კონცეფცია; გაგრძელდეს თავდაცვის ძალების თანამედროვე საბრძოლო ტექნიკითა და სამხედრო ტექნოლოგიებით აღჭურვა; უნდა გაძლიერდეს ჯარისკაცის სტატუსი საზოგადოებაში; შეიქმნას ღირსეული პირობები ვეტერანებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც სიცოცხლეს წირავდნენ ქვეყნის დასაცავად.

მისივე თქმით, გასული ასწლეულის განმავლობაში, ქართულმა ჯარმა არაერთგზის გმირულად იომა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად – 1918 – 21 წლებში გენერლების, გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის მეთაურობით; 1921 წელს, თბილისის მისადგომებთან, იუნკერების თაოსნობით; 1990-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; 2008 წელს, რუსული ჯარის წინააღმდეგ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, იუნკრების, შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის მსგავსი გმირების მხრებზე იდგა და დგას  საქართველოს სახელმწიფობრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა!

“დღეს, ჩვენი სამხედრო ძალები იცავენ საქართველოს სახელს და ღირსებას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. ჩვენს ჯარისკაცებს შეაქვთ უმნიშვნელოვანესი წვლილი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, გლობალური მშვიდობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო ტერიტორიზმთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში”, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მსგავსი თემები