შატილში ერთადერთი სკოლა დაიწვა – პრემიერი მოსახლეობას ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებას დაპირდა

შატილში ერთადერთი სკოლა დაიწვა. საგანმანათლებლო დაწესებულება, ძირითადად, ხის მასალისგან იყო დამზადებული, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობიდან მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის გამოყვანა დროულად მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე, ცეცხლის ჩასაქრობად სამი სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ სკოლა-პანსიონის შენობას მიმდინარე წლის ზაფხულში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებაც 160 000 ლარს აღემატება.

მომხდარის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შატილში ახალი სკოლა აშენდება. 

“შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს. სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება.

სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

მსგავსი თემები