ყოფილი გუბერნატორი გამოქვეყნებულ სტატიას ცილისწამებად აფასებს

საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს სამოქალაქო კონტროლი, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. სწორედ საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო და არასამთვრობო ორგანიზაციები პერიოდულად იკვლევენ საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს და  შესაბამის ანგარიშებს აქვეყნებენ.

2018 წლის 1 აგვისტოს სააგენტო BPN-ის მიერ გავრცელდა სტატია სათაურით: „დამალული ბიზნესები და ქონება – გუბერნატორების ადმინისტრაციათა ზოგიერთი თანამდებობის პირი დეკლარაციებს არასრულად ავსებს“.

BPN-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან გამომდინარე, ფაქტების დასაზუსტებლად  „მთავარი“  მცხეთა-მთიანეთის ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ლევან ზაუტაშვილს დაუკავშირდა. როგორც რესპონდენტმა „მთავართან“ საუბრისას  აღნიშნა, ის BPN-ის მიერ გავრცელებული სტატიის სათაურის პათოსს არ იზიარებს და  კონკრეტული არგუმენტებით საუბრობს, თუ რატომ ვერ მოხვდა მის ქონებრივ დეკლარაციაში სტატიაში აღნიშნული ფაქტები.  მნიშვნელოვანია ისიც, რომ საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე ყვლა ინფორმაცია განთავსებულია და მისი დამალვა ფიზიკურად ვერც მოხდებოდა.  არის თუ არა ეს დეკლარაციის შევსებისას დაშვებული გადაცდომა, ზაუტაშვილის თქმით, აღნიშნულს შესაბამისი უწყებები შეაფასებენ.

„აქ მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ კომპანიები, რომელთაგან ერთი, 15 წელია, აღარ ფუნქციონირებს, ხოლო მეორეს არასოდეს უწარმოებია ბიზნეს-საქმიანობა, მოყვანილია არგუმენტად, თითქოს მე, ლევან ზაუტაშვილს, სახელმწიფოსგან დაფარული ბიზნესი და ქონება გამაჩნია, რაც სათაურშიც პირდაპირ ფიქსირდება, ვციტირებ: „დამალული ბიზნესები და ქონება“. ამგვარად, ჩემი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველოს“ (TI)  მიერ გამოქვეყნებული კვლევის  გამოყენებითა და მისი არასწორი ინტერპრეტირებით, საქმე გვაქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან“.

რესპოდენტის განცხადებით, დაინტერესებულ პირებს აღნიშნული ფაქტების გადამოწმება, მასალის გამოქვეყნებამდე, მასთან კომუნიკაციით მარტივად შეეძლოთ, რომ ჟურნალისტური სტანდარტის მიხედვით, გამოქვეყნებულ მასალაში მხარეთა ბალანსის პრინციპი არ დარღვეულიყო და სტატია ცილისწამებაზე აგებული არ ყოფილიყო.

 

მსგავსი თემები