“ეს არის შხამის გამოყენების დაკანონება” – დეპუტატი მარიხუანის ლეგალიზებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი მხეიძე, მარიხუანის ლეგალიზების კატეგორიული წინააღმდეგია და  აცხადებს, რომ საქართველო აღარ დაბრუნდება გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების უკონტროლო მოხმარების გამო, ბევრი მეგობარი დაკარგა.

როგორც “მთავარს” დიმიტრი მხეიძემ განუცხადა, ყველა სხვა უარყოფით შედეგებთან ერთად, მარიხუანა, არის შხამი, რომელიც ადამიანის გენს აზიანებს.

“მითები დადის, თითქოს მარიხუანის მოწევას სამკურნალო ეფექტი აქვს. ეს არის შხამი, რომელიც იწვევს ადამიანის გენის დაზიანებას. ძალიან ბევრი პათოლოგიები გამოვლინდა და ბევრი დაავადება გაახალგაზრდავდა. იწვევს თავის ტვინის უჯრედების გამოშრობას, მახსოვრობის დაქვეითებას. მოქმედებს გამრავლების ორგანოებზე, იმუნურ სისტემას აქვეითებს საგრძნობლად. ორგანიზმს სპობს, ადამიანი რომელიც მას ეწევა არ არის ადეკვატური, მას ვერ ანდობ ვერაფერს”, – აცხადებს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრი და ახალგაზრდებს მოუწოდებს უარი თქვან ნარკოტიკზე და ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ.

დეპუტატის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს, პროცედურულ ნაწილზე იურისტებთან გაივლიან კონსულტაციებს. ამბობს, რომ დეპუტატებს აქვთ სათანადო ბერკეტები, რომ შეებრძოლონ ამ იდეას.

“ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს ვხვდებით და ვსაუბრობთ მავნე ნივთიერებებზე, ვმუშაობთ ამის წინააღმდეგ.  ვთხოვ ყველას, დაუჯერონ უფროსებს. ჩვენი გუნდი ვმუშაობთ ბერკეტებზე და მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ეს არ არის  დემოკრატიის გამარჯვება, ეს არის შხამის გამოყენების დაკანონება. ის ადამიანები, რომლებიც მიიღებენ ამ ნივთიერებას ცხოვრებაში ძალიან ჩამორჩებიან და მათ ადგილს სხვები დაიკავებენ. ვერ იმუშავებენ საპასუხისმგებლო სამსახურებში”, – აცხადებს დიმიტრი მხეიძე.

მსგავსი თემები