„ქაღალდის პირადობის მოწმობებს უნდა დავემშვიდობოთ – პირადობა და პასპორტი უფასოდ გაიცემა“ – მინისტრი

საქართვლოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს 401 000 მოქალაქეს პირადობის მოწმობას და პასპორტს უფასოდ დაუმზადებს. აქცია 1 აპრილიდან დაიწყება.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, დღეს, საქართველოში ქაღალდის პირადობის მოწმობას 401 000 ადამიანი ფლობს, რაც მათთვისაც და ქვეყნისთვისაც პრობლემაა.

„ერთხელ და სამუდამოდ, ქაღალდის პირადობის მოწმობებს უნდა დავემშვიდობოთ. დღეს არსებული მდგომარეობა შემდეგია: 401 000 ადამიანი ფლობს ქაღალდის პირადობის მოწმობას, რომელსაც ზედ აწერია უვადო. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ის ჯგუფი, რომლებიც, იმიტომ, რომ ეს ძველებური დროის გადმონაშთი დოკუმენტი არის უვადო, არ ცვლის მას. შესაბამისად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ჩვენ მხოლოდ ამ მოქალაქეებისთვის, როგორც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ისე პასპორტი იქნება უფასო. ამის იქით არც ვიცი რა შეიძლება იუსტიციის სამინისტრომ გააკეთოს“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც წულუკიანმა „მედიაცენტრ მთავრს“ განუცხადა, ეს აქცია და ქაღალდის პირადობის გამოცვლა საჭიროა იმისთვისაც, რომ მოქალაქეები იყვნენ დაცულები: „როდესაც თქვენ ფლობთ ქაღალდის პირადობის მოწმეებს, თქვენი ვინაობა არის გაყალბებადი. თქვენი ქონება შეიძლება ისე გადაფორმდეს ან გადმოფორმდეს სხვა პირებზე, თქვენ მის შესახებ ვერაფერი გაიგოთ. თუ საქმე გვექნება არაკეთილსინდისიერ ხელისუფლებასთან, ასევე შესაძლებელია, საარჩევნო უფლების გარეშე დარჩეთ და ის წაგართვან. ამიტომ, ყველას, ვისაც ჯიბეში, ჩანთაში, უჯრაში გაქვთ ქაღალდის პირადობის მოწმობები, მოგიწოდებთ, ისარგებლოთ აქციით“.

მსგავსი თემები