ქალი, რომლის გადასარჩენადაც შვილები – ნიკა და რატი ქართველიშვილები თბილისში ტაქსაობდნენ, გარდაიცვალა. ოჯახისა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამის შესახებ „ფეისბუქზე“ ნიკა ქართველიშვილმა დაწერა და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
“მეგობრებო, დედა გარდაიცვალა. ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, გამხნევებისთვის, იმისთვის რომ დედამ იმედით იცოცხლა ეს პერიოდი. მადლობა ყველას, ყველანი გვიყვარხართ”, – წერს ნიკა ქართველიშვილი.
54 წლის მაია ქართველიშვილს მწვავე ლეიკემია ივნისში დაუდგინდა. სამკურნალოდ ის თურქეთში გადაიყვანეს. მკურნალობის საწყისი ეტაპისთვის ოჯახს 150 000 დოლარი სჭირდებოდა.
დედის დასახმარებლად ბიჭებმა ტაქსაობა გადაწყვიტეს, მანქანაზე წარწერით „#მაიასთვის დავამარცხოთ ლეიკემია“. ოჯახს უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა, შეიქმნა „ფეისბუქის“ გვერდი „მაიასთვის“, სადაც სიმსივნით დაავადებულ ქალსა და მის ოჯახს მორალურად ამხნევებდნენ, მათ საბანკო ანგარიშზე კი მსურველები თანხასაც რიცხავდნენ.