მთავრობა ახალგაზრდა სტარტაპების უზრუნველყოფას იწყებს

საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას” იწყებს. რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას.

​როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში განმარტა, ეს არის დაუწერელი კანონი 21-ე საუკუნისთვის და ამ ტრენდს საქართველომ ფეხი უნდა აუწყოს.

“უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუ როგორ მოახერხეს სამი, ოთხი, ხუთი წლის სტარტაპებმა კორპორაციად გადაქცევა და როგორ არიან მსოფლიოს უდიდესი კომპანიები. კომპანია Uber-საც 3 წელი დასჭირდა, რომ ძალიან პატარა სტარტაპიდან გადაქცეულიყო კომპანიად, რომლის კაპიტალი რამდენიმე მილიონს ითვლის”,- აცხადებს მინისტრი.

მისივე განცხადებით, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიერ მცირე მეწარმეობის წასახალისებლად ინიციატივა მომზადდა. სხვა მნიშვნელოვან ბარიერებს შორის, უპირველესად, სახეზეა სასტარტო კაპიტალის ნაკლებობა.

მინისტრი არსებული ბარიერების გაუქმების ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ ქვეყანაში საკმაოდ ცუდი ტენდენციები მიმდინარეობს:

„ჩვენ, როგორც სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მსგავსი ბარიერების ბოლომდე გასაუქმებლად. დღეს ჩვენი ბიუჯეტი ფორმირდება დაახლოებით, 300 კომპანიის მიერ, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიზაციის ძალიან მაღალი რისკია, რაც ჩვენს ეკონომიკას ნაკლებად მდგრადს ხდის. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა. საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს“, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

მსგავსი თემები