სასულიერო პირის სტატუსს ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი მიიღებს

იურისტის და უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, შეიქმნა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სასულიერო პირის სტატუსს მიანიჭებს. ამ სტატუსის მატარებელს კი პატიმრების მონახულება თავისუფლად შეეძლებათ.

​როგორც ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასულიერო პირის სტატუსის მინიჭება გასაუბრების და სიმბოლური ჰონორარის გადახდის შემდეგ იქნება შესაძლებელი. სასულიერო პირს შეგეძლება მოინახულოს სასურველი პატიმარი.

“რელიგიური ორგანიზაციის მიზანია, პატიმრებს შეეძლოთ რესოციალიზაცია და საზოგადოებაში ჩართულობა. ქვეყანაში დღეს არსებული ბიუროკრატია საშუალებას არ აძლევს პატიმრებს, ჰქონდეთ კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, როგორც ევროპულ ქვეყნებშია, ამიტომ ჩვენ, უფლებადამცველებმა მოვიფიქრეთ ასეთი გამოსავალი, რომ რელიგიური ორგანიზაციის მეშვეობით, ნებისმიერ პირს, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია გადაწყვეტს, ჰქონდეს რელიგიური სტატუსი. ამ სტატუსის მეშვეობით შეძლებს პატიმრის მონახულებას. ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ბიზნესპარტნიორი, ან სხვა პირი. მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და სისტემის გაუმჯობესებაში გარკვეულ როლს ჩვენ აუცილებლად შევიტანთ,” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

​ალექსანდრე კობაიძის განმარტებით, ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაა “საქართველოს ქრისტიანული, პროტესტანტული, ევანგელისტური და ლუთერანული ეკლესია, ბიბლიური მზრუნველობა”, სასულიერო სტატუსს ხელმოწერით და ბეჭდის დამოწმებით გასცემს.

“მოქალაქემ უნდა მოგვმართოს და გარკვეული გასაუბრების შემდეგ გავცემთ აღნიშნულ სტატუსს. წარმომადგენლის ხელმოწერით და ბეჭდის დამოწმებით. ამის შემდეგ მოქალაქე მიბრძანდება პენიტენციალურ დაწესებულებაში, სადაც მისთვის სასურველი პატიმარი იმყოფება და როგორც სასულიერო პირს შეეძლება მოინახულოს იგი. ორგანიზაცია იურიდიულად უკვე დარეგისტრირებულია და რა თქმა უნდა უფლებამოსილია აღნიშნული სტატუსი გასცეს. ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე ნებისმიერ პირს აქვს იმის საშუალება, რომ ჰქონდეს რელიგიური გრძნობები და არავის საქმე არ არის ვის რა რელიგიური შეხედულებები აქვს,”- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

​მისივე თქმით, სახელმწიფო და პენიტენციალური დაწესებულება ნებისმიერ სასამართლო დავას წააგებს და დაზარალდება თუ არ აღიარებს სასულიერო პირის სტატუსს.

“პატიმრის მონახულება მოხდება დღის საათებში, სამუშაო დღეებში და საქართველოს მასშტაბით ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ და დარწმუნებული ვართ, რომ ბევრ ადამიანს დავეხმარებით. პენიტენციალური დაწესებულება და სახელმწიფო ამ სტატუსს აღიარებს და არანაირი უფლება არ აქვს არ აღიაროს. თუ სხვა პროფესიებს აღიარებს ეს რატომ არ უნდა აღიაროს. რომ არ აღიაროს ეს იქნება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. თუ სახელმწიფო შეეცდება, და დარწმუნებული ვარ, რომ შეეცდება, ნებისმიერ სამართლებრივ დავას წააგებს და იქნება დაზარალებული,” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. 

მისი თქმით, ორგანიზაციას შემხებლობა არ აქვს ადამიანის ფილოსოფიურ, რელიგიურ, თეოლოგიურ რწმენასთან, სხვა მსგავსი ორგანიზაციებისგან განსხვავებით. მათი მიზანი მხოლოდ პატიმრებთან კომუნიკაციაა.

მსგავსი თემები