რა დაავადებებს იწვევს სალმონელა და როგორ ავიცილოთ ის თავიდან?

“ბიუ-ბიუს” ქათმის ხორცში სალმონელას აღმოჩენამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ჯანმრთელობა მუდმივად საფრთხის ქვეშ დგას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად სალმონელოზური გასტროენტერიტის 93.8 მილონი შემთხვევა და 115.000 გარდაცვალება აღირიცხება. საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ სალმონელოზის 150-200 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აღირიცხება.

რა არის სალმონელოზი?

სალმონელოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც Salmonella-ს გვარის ბაქტერია იწვევს (ცნობილია მისი 2200-ზე მეტი სეროტიპი). კლინიკური გამოვლინების მიხედვით მისი მრავალი ფორმა შეიძლება შეგვხვდეს – დაწყებული უსიმპტომო მატარებლობიდან, დამთავრებული რთული სეპტიკური ფორმით.

ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული ცხოველები, ზოგჯერ – ადამიანებიც. აღსანიშნავია, რომ მსხვილფეხა ცხოველებში, ასევე – კატებში, ძაღლებში, მღრღნელებსა და ფრინველებში გვხვდება სალმონელოზის უსიმპტომო ფორმა. ამ დროს ცხოველები სავსებით ჯანმრთელად გამოიყურებიან, მაგრამ რძესთან, ნერწყვთან, შარდსა და განავალთან ერთად გარემოში უხვად გამოყოფენ ინფექციის გამომწვევს. ამ კუთხით ყველაზე სახიფათონი არიან ინფიცირებული შინაური ცხოველები (რქოსანი პირუტყვი, ღორი, ცხვარი, კატა, ძაღლი). ხშირად ინფიცირებულია შინაური ფრინველების კვერცხიც.

ადამიანებიდან ინფექციის წყაროდ შეიძლება იქცნენ მედპერსონალი და ჰოსპიტალიზებული პაციენტები, ასევე – საკვები პროდუქტების დამამზადებელი და სავაჭრო ქსელების თანამშრომლები.

სალმონელოზით ინფიცირების ძირითადი გზა ალიმენტურია (კვებითი). დაავადების გამომწვევი ორგანიზმში ყველაზე ხშირად რძისა და მისი ნაწარმის, ხორცის სუფლეს, სალათის, კვერცხის, კრემიანი ნამცხვრების ანუ იმგვარი საკვების მეშვეობით ხვდება, რომლის კულინარიული დამუშავება არ ხდება უშუალოდ ჭამის წინ. ინფექცია ვრცელდება წყლითაც (ტბები, მდინარეები და, საზოგადოდ, ღია წყალსატევები, ასევე – წყალგაყვანილობის სისტემა ავარიების დროს). აღსანიშნავია, რომ ადრეული ასაკის ბავშვებს ინფექცია შეიძლება შეხვდეთ კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით, ზოგჯერ ინფიცირებული მტვრის ჩასუნთქვითაც კი.
სალმონელოზი მთელი წლის განმავლობაში გვხვდება, მაგრამ ყველაზე მეტად ხშირდება ზაფხულში, რასაც ექიმები საკვების შენახვის პირობების გაუარესებით ხსნიან.

ორგანიზმში მოხვედრილი სალმონელა ინერგება ნაწლავის ლორწოვან შრეში და ნაწლავის გარსის დამაზიანებელ ტოქსინებს გამოყოფს. ეს იწვევს ფაღარათს, ორგანიზმის გაუწყლოებასა და მუცლის ტკივილს.

როგორ ვლინდება?

დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, ტემპერატურის მატებით (მძიმე ფორმების დროს – 390C და მეტად), ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს, შემცივნებას, გულისრევას, განმეორებად ღებინებას, ეპიგასტრიუმისა და ჭიპის არეში ტკივილს, რასაც დღის განმავლობაში თან ერთვის დეფეკაციის გახშირება 3-10-ჯერ და მძიმე შემთხვევებში მეტჯერაც. განავლოვანი მასები უხვია, წყლოვანი, ლორწოვანი მინარევებით. დაავადება უპირატესად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. ჩვეულებრივ, ავადმყოფი 4-7 დღეში სპეციფიური მკურნალობის გარეშეც გამოჯანმრთელდება, მცირე ასაკის ბავშვებსა და მოხუცებში, პაციენტებს ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია, იშვიათად დაავადება ლეტალურადაც მთავრდება. მძიმე მიმდინარეობა ძირითადად ადამიანის ორგანიზმის დეჰიდრატაციასთან (გაუწყლოებასთან) არის ასოცირებული. სალმონელოზის დიაგნოზის დადასტურება განავლის (სეპტიცემიის დროს სისხლის) ბაქტერიოლოგიური კვლევით ხდება.

კვებითი გზით ინფიცირების შემთხვევაში, სალმონელოზის საინკუბაციო პერიოდი 6 საათიდან 3 დღემდე გრძელდება (უმეტესად – 12-24 საათს). ჰოსპიტალური (საავადმყოფოსშიდა) აფეთქების დროს, როდესაც ინფექცია ვრცელდება კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით, საინკუბაციო პერიოდი 3-8 დღეს გასტანს.

მკურნალობა:

სალმონელოზის დროს ჰოსპიტალიზაცია ნაჩვენებია მხოლოდ ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, კვებით და სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავეთათვის, ანდა მძიმე მიმდინარეობისას. სალმონელოზის მკურნალობა ითვალისწინებს კუჭისა და ნაწლავების გამორეცხვას, დიდი რაოდენობით მინერალური სითხისა და რეჰიდრონის მიღებას. უფრო მძიმე მიმდინარეობისას საჭიროა ვენაში მარილოვანი ხსნარების შეყვანა (გაუწყლოებასთან ბრძოლა), სპაზმოლიზური საშუალებებისა და ანტიბიოტიკების მიღება.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიეტას: დაავადების პირველ დღეებში ინიშნება მექანიკურად და ქიმიურად დამზოგველი დიეტა (რძე გამორიცხულია); სრულ გამოჯანმრთელებამდე და მომდევნო 1 თვე იკრძალება კუჭ-ნაწლავისთვის მავნე ქმედება (გაძღომა, ალკოჰოლური სასმელებისა და უხეში უჯრედისით მდიდარი პროდუქტების, კონსერვების, შაშხის, ცხარე და ნოყიერი კერძების მიღება).

სწორი მკურნალობის შემთხვევაში სალმონელოზი სავსებით იკურნება!

სალმონელოზის თავიდან ასაცილებლად:

ყოველთვის მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცი, რძე და კვერცხი;

მზა საკვების მიღებისას, დარწმუნდით, რომ არ შეიცავს ის ცხოველური წარმოშობის უმ პროდუქტს;

კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული;

დაიბანეთ ხელი უმ ხორცთან შეხების შემდეგ;

კარგად გარეცხეთ საჭრელი დაფები და სხვა ინვენტარი უმ ხორცთან შეხების შემდეგ;

დარწმუნდით წყლის უსაფრთხოებაში;

დაიცავით საკვების შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;

განცალკევებულად შეინახეთ მზა საკვები და უმი პროდუქტები;

დიარეის მქონე პირები მოარიდეთ საკვების მომზადების პროცესს;

დაიბანეთ ხელი ცხოველებთან შეხების შემდეგ.

მსგავსი თემები