“პარლამენტის ბლოკირების უფლებას არავის მივცემთ” – კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვერავინ გაბედავს, მოქალაქეებს შეუზღუდოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ის.

კახა კალაძის თქმით, აქციის მონაწილეების მოქმედებები კანონის ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო მოახდენს შესაბამის რეაგირებას. კალაძე ამბობს, რომ გუშინ დაირღვა კანონი და პოლიციამ შესაბამისად იმოქმედა.

„ადამიანებს აზრის გამოხატვის უფლებას ვერავინ შეუზღუდავს. ჩვენ მოვიპოვეთ აზრის გამოხატვის თავისუფლება 2012 წლის შემდეგ, აზრის გამოხატვის პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს. ნებისმიერ ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს, რამდენად განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრებაც არ უნდა ჰქონდეს, აქვთ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, მშვიდობიან ფორმაში, კანონიერი გზით. თუკი გაცდებიან კანონის ჩარჩოებს, ამას შესაბამისად მოყვება რეაგირება, რაც იყო. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის ხალხის ის რაოდენობა, რომ გზა იყოს გადაკეტილი და გზა არის გადაკეტილი, ეს არის კანონდარღვევა, არ შეიძლება“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

„პარლამენტი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. პარლამენტის ბლოკირების უფლება არავის მიეცემა. ვერავინ გაბედავს, თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის უფლება შეუზღუდოს ამ ადამიანებს, რაც არ უნდა კრიტიკული მოსაზრებები ჰქონდეთ სხვადახვა საკითხზე. კანონის ფარგლებში ამ ადამიანებს აქვთ ამის უფლებაც და შესაძლებლობაც. ვერავინ გაბედავს შეზღუდვას, თუმცა თუ კანონის ფარგლებს გასცდებიან, სახელმწიფო მოახდენს შესაბამის რეაგირებას“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები