ნიუ-იორკში „დიასპორის სახლმა“ მიგრაციის კვირეული გამართა

18-21 დეკემბერს ნიუ-იორკში ორგანიზაციამ „დიასპორის სახლი“და მისმა პრეზიდენტმა ინა ასანიძემ დიასპორული კვირეული გამართა. კვირეული გამართვაში მონაწილეობა მიიღო ასევე საერთაშორისო ორგანიზაციამ „ერთობა“.

ღონისძიებები 18 დეკემბერს, მიგრაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენციით დაიწყო, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს 6 ქვეყნის დიასპორული ორგანიზაციები, საქართველოს საკონსულო ამერიკაში, ნიუ-იორკის მერის ოფიციალური წარმომადგენელი, ამერიკაში რესპუბლიკური კლუბის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის თანადამფუძნებელი, ბორდის წევრი ჯოზეფ კონკენონი, ნიუ-იორკის ქალაქის სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ნიუ-იორკში მიგრაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილება მიიღო საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი ჭიჭინაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემურ ჭკუასელმა. მონაწილეობა მიიღო ასევე საქართველოდან დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ.

კვირეულის გახსნის დღეს, ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ დიასპორული ორგანიზაციის „დიასპორის სახლი“-ს პრეზიდენტს ინა ასანიძეს მადლობის წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქალაქის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია დიასპორულ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობა.

კონფერენციაზე პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ  ქართველ ემიგრანტებს დიასპორულ ორგანიზაციებთან მიმართებით ხელისუფლების ახალი ხედვა გააცნო. ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, დართმუსის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრიდონ შუბითიძემ ქვეყნის განვითარებაში დიასპორული რესურსის გამოყენების საკუთარი ხედვები  წარმოადგინა.

20 დეკემბერს, ნიუ-იორკში  ცნობილი ქართველი მწერლის  თემურ ჭკუასელის და ამერიკაში მოღვაწე წარმატებული ემიგრანტის თიკა კანდელაკის ახალი საავტორო წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ადგილობრივი ქართველი მომღერლები, პატარა ხელოვანები.

მიგრაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული კი დღეს, ნიუ-იორკში ქართულ საკვირაო სკოლა „ფესვებში“ პატარა ქართველებთან შეხვედრით დასრულდა.  სხვადსხვა ქვეყნის დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები  შეხვდნენ და ესაუბრნენ ამერიკაში დაბადებულ პატარა თანამემამულეებს, რომლებიც საკვირაო სკოლაში სწავლობენ და ეზიარებიან ქართულ კულტურას, ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას, ხელოვნებას და სხვა აქტივობებს.

როგორც ინა ასანიძემ აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებები მომდევნო წელს უფრო ფართო მასშტაბურად აღინიშნება.   

მსგავსი თემები