“ლელო” ხელისუფლებას მიმართავს, გაათავისუფლონ მათი აქტივისტები

პარლამენტთან მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგ მიმართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, უკანონოდ დააკავეს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრები ირაკლი კუპრაძე და გიორგი ბუნტური, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” ავრცელებს.
“მივმართავთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლონ “ლელოს” აქტივისტები და ყველა ის უკანონოდ დაკავებული ადამიანი, ვინც დღეს დილით პარლამენტთან ჩინჩალაძის კლანის უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაკანონების წინააღმდეგ გამოდიოდა.
“ლელო” აპროტესტებს კლანური მმართველობის სამარცხვინოდ გაფორმებას პოლიციელებით გარშემორტყმულ პარლამენტში, “ლელო” აპროტესტებს მშვიდობიან მანიფესტაციებზე ადამიანების დაპატიმრებას და ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელის შეშლას. ეს უკვე გასცდა ყველა საზღვარს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად მოეგოს გონს და არ დაუშვას მდგომარეობის კიდევ უფრო ესკალაცია და დაძაბვა.
აქვე ვპირდებით ყველას, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ კლანს გავუშვებთ კანონის სრული დაცვით, მოვახდენთ სასამართლო სისტემის სრულ რეფორმირებას და სასამართლოს დავაკომპლექტებთ ღირსეული და პროფესიონალი მოსამართლეებით!” – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები