კორონავირუსის გამო, იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ფრენების შეწყვეტის საკითხი ჯერ არ განიხილება

ჯანდაცვის სამინისტროში არც იტალიასთან და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მოგზაურობის შეზღუდვის წინადადებას ჯერ არ განიხილავენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პუნქტებში მონიტორინგის ღონისძიებების გამკაცრებას არ გამორიცხავს.

„ჯერ მაღალი რისკის ქვეყნებად რჩება ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი. ამდენად, საქართველომ ამ მიმართულებით მიიღო უფრო აქტიური პრევენციული ღონისძიებები ფრენების შეზღუდვის და ასევე, საზღვრების კონტროლის თვალსაზრისით.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათთან მოძრაობა შეუზღუდავი რჩება, თუმცა, ამავე დროს, ვფიქრობთ, მეტად გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტებში, როგორც მონიტორინგის ღონისძიებები, ასევე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის კარანტინის ზომები.

ამ დროისთვის კარანტინი შეეხო საქართველოს იმ 34 მოქალაქეს, რომელიც დაბრუნდა ჩინეთიდან. არც ერთ მათგანს აღენიშნება სიმპტომი, თუმცა ისინი რჩებიან ჯერ კარანტინში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები